Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს დედის გინება გამოსტყუა


"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ მათი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს გინება "გამოსტყუა". მდინარაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თქვა, რომ კობახიძემ თავის თავზე გამოსცადა "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაცია.

"თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომელთან ერთადაც დილიდან საღამომდე შტაბში ერთად ვართ, რომლის გინებაც მე არ გამიგია, გამოსტყუა დედის გინება. წარმოიდგინეთ, სადამდე მიიყვანა ეს გაწონასწორებული ადამიანი, დედის გინება გამოსტყუა. უმძიმესია", - თქვა მდინარაძემ.

მოგვიანებით კობახიძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და თქვა:

„დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა".

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიამ კობახიძეს დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

"შენ გჯერა, რომ დმანისში მართლა ჩვენ დავჭერით ჩვენი მხარდამჭერები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ", - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ კობახიძემ მელიას, ასევე, უწოდა ნაძირალა.

დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრები იმართება. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG