Accessibility links

site logo site logo

კანადამ შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა Huawei-ის საფინანსო დირექტორი


ვანკუვერში უზენაესმა სასამართლომ შეწყვიტა ექსტრადიციის პროცესი და შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა კომპანია Huawei-ის დამაარსებლის ქალიშვილი და მისი საფინანსო დირექტორი მენ ვანჯოუ.

ტელეარხ CBC-ის ცნობით, მენ ვანჯოუმ გარიგებას მიაღწია აშშ-ის პროკურატურასთან და ნაწილობრივ აღიარა დანაშაული ირანის მიმართ აშშ-ის სანქციების დარღვევაში. კანადის სასამართლომ უკუაგდო ვაშინგტონის მოთხოვნა ჩინელი მენეჯერის აშშ-ისთვის გადაცემის თაობაზე.

მედიის ცნობით, მენ ვანჯოუ ვანკუვერიდან ჩინეთის ქალაქ შენჯენში გაფრინდა. იქ იმყოფება Huawei-ის შტაბბინა.

მენ ვანჯოუ 2918 წელს დააკავეს კანადაში. გამოძიების თანახმად, ტოპმენეჯერმა შეცდომაში შეიყვანა ბანკი HSBC, როცა არ შეატყობინა მას Huawei-ის ბიზნესის შესახებ ირანში. ამგვარად, ბანკს შეეძლო არაგანზრახ დაერღვია აშშ-ის სანქციები თეირანის მიმართ.

დაკავებიდან ორი კვირის შემდეგ მენ ვანჯოუ შინაპატიმრობაში მოათავსეს 10 მილიონი კანადური დოლარის გირაოთი. Huawei-ის საფინანსო დირექტორს აშშ-ისთვის გადაცემა ემუქრებოდა. 24 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო და Huawei-ის წარმომადგენლები მენ ვანჯოუს ჩინეთში დაბრუნებაზე შეთანხმდნენ.

მენ ვანჯოუს გათავისუფლების შემდეგ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა ჩინეთში დაპატიმრებული ორი კანადელის სამშობლოში დაბრუნების შესახებ. მაიკლ კოვრიგი და მაიკლ სპავორი მენ ვანჯოუს დაპატიმრებიდან ცოტა ხნის შემდეგ დააკავეს ჩინეთში. კანადელებს ქურდობასა და ჩინეთის სახელმწიფო საიდუმლოებათა გაყიდვაში დასდეს ბრალი. აგვისტოში მაიკლ სპავორს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG