Accessibility links

site logo site logo

ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ აღიძრა ახალი საქმე, რომელიც 10 წლით პატიმრობას ითვალისწინებს


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისა და მისი თანამებრძოლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ექსტრემისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით. ამ ბრალდებით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 10 წელია. ამის შესახებ უწყების საიტი იტყობინება.

ნავალნი, ლეონიდ ვოლკოვი და ივან ჟდანოვი ეჭვმიტანილი არიან ორგანიზაციის შექმნასა და მის ხელმძღვანელობაში, ლიუბოვ სობოლი, ვიაჩესვლავ გიმადი, რუსლან შავედდინოვი და კიდევ რამდენიმე ადამიანი - მასში მონაწილეობაში.

როგორც საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, ნავალნიმ 2014 წელს შექმნა ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელსაც მალე შეუერთდნენ ვოლკოვი და ჟდანოვი. ასეთად უწყება მიიჩნევს კორუფციასთან ბრძოლის ფონდს, რომელიც ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, და ნავალნის მომხრეთა შტაბებს.

საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, ექსტრემისტული ჯგუფის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა კერძოდ მიმართული იყო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა და მათ მიერ წარმოებული პოლიტიკის დისკრედიტაციის, რეგიონებში ვითარების დესტაბილიზაციისა და მოსახლეობაში საპროტესტო განწყობის შექმნისკენ. აკრძალული ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ საშუალებად გამოძიება ასახელებს ნავალნის პირად არხს YouTube-ზე.

საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩამოთვლილ პირთაგან უმეტესობა საზღვარგარეთ იმყოფება. ნავალნი ვლადიმირის ოლქში კოლონიაში იხდის პატიმრობას თაღლითობის ბრალდებით. მისი სასჯელის ვადა 2023 წლის შემოდგომაზე იწურება.

ნავალნისა და მისი თანამებრძოლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის სხვა საქმეებიც არის აღძრული, მათ შორის, თაღლითობისა და დიდი რაოდენობით ფულის გაფლანგვის, ასევე მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებებით.

ნავალნის მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციონერის სამართლებრივი დევნა მის პოლიტიკურ საქმიანობასთანაა კავშირში. ნავალნი პოლიტპატიმრადაა მიჩნეული რამდენიმე ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ. Amnesty International-ი მას სინდისის პატიმრად თვლის.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG