Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია 5-6 ივლისს შსს-ს ქმედებების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებების გამოძიებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ორგანიზაციამ გენერალურ პროკურატურას 9 დაზარალებული ჟურნალისტის სახელით განცხადებით მიმართა. საია-ს თანახმად, მიუხედავად მისი მოწოდებისა, გამოძიება ამ დრომდე არ მიმდინარეობს იმ მიმართულებით, რამდენად ეფექტიანად იყო დაგეგმილი და აღსრულებული საპოლიციო ძალების მობილიზება მოვლენების ძალადობრივი განვითარების ასარიდებლად და აღსაკვეთად. როგორც საია-ში აღნიშნავენ, კონტრაქციის მონაწილეთა წინასწარ დაანონსებული მობილიზაციის მასშტაბების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ უზრუნველყო სათანადო ზომების მიღება:

„კერძოდ, პრობლემური იყო შსს-ს მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, რაც გულისხმობდა მომხდარი ძალადობის პრევენციასა და მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის დროულ აღკვეთას. აშკარაა, რომ სამინისტროს საქმიანობა არ იყო დაგეგმილი იმგვარად, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო უზრუნველყოფილი აქციის მონაწილეთა თუ მედიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა, რასაც შედეგად მოჰყვა მათი ჯანმრთელობის დაზიანება და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლა. დაზარალებულთა თქმით, ადგილზე მყოფი პოლიციელები ცალკეულ შემთხვევებში იმდენად უმოქმედოდ იყვნენ, რომ ამით პრაქტიკულად ხელს უწყობდნენ მოძალადეებს განზრახვის სისრულეში მოყვანას“, - აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.

საია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, გამოძიება წარიმართოს როგორც შსს-ს ხელმძღვანელი პირების, ისე ცალკეული სამართალდამცავების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიმართულებით.

5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 55 ადამიანზე იძალადეს. მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია. დაშავებულ ჟურნალისტებს შორის იყვნენ რადიო თავისუფლების წარმომადგენლებიც, თორნიკე მანდარია და დავით ქორიძე. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, "TV პირველის" ჟურნალისტი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დროისათვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 31 პირი დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ნაწილის იდენტიფიცირება თავად ჟურნალისტებმა შეძლეს, ასევე, არსებობს ორგანიზატორთა ძალადობრივი მოწოდებებისა თუ ქმედებების ამსახველი ვიდეომასალა, ამ დრომდე სამართალდამცავებს მასშტაბური ძალადობის ორგანიზებისათვის არავინ დაუკავებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG