Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს კიბერუსაფრთხოების ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის დამაარსებელი


ილია საჩკოვი
ილია საჩკოვი

სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს კიბერუსაფრთხოებაში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის, Group-IB-ის დამაარსებელი ილია საჩკოვი. ამის შესახებ ჟურნალი Forbes-ი იტყობინება მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით. საჩკოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ტასის ცნობით, ბიზნესმენი ეჭვმიტანილია უცხოურ დაზვერვასთან თანამშრომლობაში, რამაც „რეპუტაციული და ეროვნული ზარალი“ მიაყენა რუსეთს. აღნიშნავენ, რომ საჩკოვი დანაშაულს არ აღიარებს.

მანამდე Group-IB-ის მოსკოვის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. ოთხშაბათს ჩხრეკა გაგრძელდა სანქტ-პეტერბურგის ოფისში, იტყობინება „რია ნოვოსტი“.

Group-IB რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა კომპიუტერული უსაფრთხოების სფეროში. ის ამ დარგში 2003 წლიდან მუშაობს. კომპანია ებრძვის კიბერთავდასხმებს, ონლაინთაღლითობას, სპამს და მონაწილეობს მაღალტექნოლოგიური დანაშაულებების გამოძიებაში. მის კლიენტებს შორის არიან რუსეთის მსხვილი ბანკები და სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხი“. ჯგუფი კონსულტაციას უწევს რუსეთის სპეცსამსახურებს და ინტერპოლს.

რაში სდებენ საჩკოვს ბრალს, არაა ცნობილი. კომპანიამ გააკეთა განცხადება, რომ ყველა შემთხვევაში დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG