Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს თქვენთვის გააკეთა“, ლიზა იასკო ქართველებს მიმართავს


ლიზა იასკო ვერხოვნა რადის სხდომაზე, 2019 წელი
ლიზა იასკო ვერხოვნა რადის სხდომაზე, 2019 წელი

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ლიზა იასკო, რომელთანაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი ოჯახი შექმნა, ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„ბოლო დღეებში ვცდილობდი ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ მქონოდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საქართველოში არჩევნები მშვიდად ჩატარებულიყო და პირადი ინფორმაცია, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს კავშირი, N1 ამბავი არ გამხდარიყო. ვფიქრობ, ახლა პირადი ამბები მნიშვნელოვანი არაა, მნიშვნელოვანია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკანონოდ არის დაპატიმრებული და ქართველმა ერმა არჩევნების შედეგების, მეორე ტურის დაცვა უნდა შეძლოს, მიაღწიოს სასურველ ცვლილებებს.

მინდა მივმართო ჰეიტერებს, რომლებით მომხდარზე არცთუ სასიამოვნო რაღაცებს წერდნენ. ჯობს თქვენი სახელმწიფოს მოწყობაზე იფიქროთ, საიდანაც არ უნდა იყოთ. მე ზუსტად ვიცი, როგორია, როცა შენს ქვეყანას ეწირები, ზუსტად ვიცი, როგორ შეუძლია გააკეთოს ეს იმ ადამიანმა, რომელიც მიყვარს. ეს ძალიან კეთილშობილი საქმეა და პატივისცემას იმსახურებს.

ვიცი, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მიტინგი ტარდება. მეგობრებო საქართველოდან, უკრაინელებს ძალიან უყვართ საქართველო, ეს ცნობილი ფაქტია. რაც შეეხება კითხვას, როდის ვიქნები საქართველოში, ვუპასუხებ - მალე ვიქნები, მაგრამ ახლა იმის დროა, რომ ქართველებმა საკუთარი მომავალი დაიცვან. უკრაინაც იბრძოლებს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისთვის. საერთაშორისო საზოგადოებაც უკვე იბრძვის და კიდევ უფრო გაძლიერდება ეს ბრძოლა, რადგან ის უკანონოდ გაასამართლეს, ადამიანი, რომელიც ამდენ რამეზე წავიდა, რომელიც კომფორტული უკრაინიდან, იმ ცხოვრებიდან, რომელიც ჰქონდა, მეგობრებისგან და ოჯახისგან, რომელიც უკრაინაში ჰქონდა, საქართველოში წავიდა იმისთვის, რომ... ქართველებო, ეს თქვენთვის გააკეთა, ცვლილებებისთვის.

ძალიან მეამაყება და დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება საქართველოს მომავლის თუ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მხრივ. ჩვენ ერთად ვართ. უკრაინა და საქართველო ერთადაა, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით, პირადული იქნება ის თუ პოლიტიკური. გამაგრდით, დაიცავით და მალე შეხვედრამდე“, - აცხადებს ლიზა იასკო.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩამოვიდა, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG