Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ხუხაშვილი: დღევანდელი აქცია, საარჩევნო თვალსაზრისით, მხოლოდ პასივია ოპოზიციისთვის


გია ხუხაშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი
გია ხუხაშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი

პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ გამოთქვამს მოსაზრებას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღის წესრიგის მთავარ საკითხად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხის წამოწევა, საარჩევნო თვალსაზრისით, მის კანდიდატებს აზიანებს. მისი შეფასებით, ის რაც დღეს ხდება საქართველოში, აცდენილია საარჩევნო დღის წესრიგს და, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ლოზუნგით მიმდინარე დღევანდელი აქციაც ოპოზიციისთვის პასივია და არა აქტივი, რადგან იგი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მობილიზებას არ უწყობს ხელს:

„საერთოდ ამ ტიპის აქციები, თუ ესკალაცია პროცესისა, ემსახურება ამომრჩევლის მობილიზებას, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, მობილიზება ისედაც არ სჭირდებათ. ესენი არიან ისედაც საკმაოდ კარგად მობილიზებული ადამიანები და ისინი ისედაც წავიდოდნენ და მისცემდნენ ხმას მელიას, თუ სხვა მერობის კანდიდატებს. ანუ ეს არის ერთგვარი სიზიფეს შრომა, რომელსაც აზრი არა აქვს. ამოცანა, ჩემის აზრით, მეორე ტურისთვის იყო სხვა პარტიების ანუ პირველი ტურის შემდეგ თამაშგარეთ დარჩენილი პარტიების ამომრჩევლის მოზიდვა და ამ მხრივ, მე ვფიქრობ, ამ ტიპის ესკალაცია მხოლოდ აფრთხობს ამომრჩეველს. არათუ ვერ იზიდავს, არამედ აფრთხობს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა „საღამოს საუბრებში“. მისი თქმით, ამ შემთხვევაში იგი გულისხმობს არა მხოლოდ პარტიების მიერ აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, არამედ ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლის განწყობასა და მოთხოვნებს ზოგადად:

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ პროფილი იმ ამომრჩევლის, ეს იქნება გახარიას ამომრჩეველი, „ლელოსი“, ანა დოლიძის თუ სხვების. საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს ამომრჩეველი არ უყურებს ესე ცალსახად მიშა სააკაშვილის გათავისუფლების თემას. ამ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი თვლის, რომ მიშა სააკაშვილი არის დამნაშავე და უნდა იჯდეს ციხეში, გარკვეული ნაწილი ამ საკითხს უყურებს ნეიტრალურად და გარკვეულ ნაწილს ოპოზიციური კანდიდატებისგან სულ სხვა რაღაცა აინტერესებს. აინტერესებს, როგორ გადაწყდება მათი პრობლემები, დავუშვათ, იგივე ნიკა მელიას მერობის შემთხვევაში, ანუ აღკვეთს თუ არა ის კორუფციას და სხვა. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ მთავარ დღის წესრიგად მეორე ტურის წინ მიშა სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის მოაზრებამ დააზიანა თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები. საარჩევნო თვალსაზრისით ვამბობ, თორემ პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, მე არ ვიცი, რა მოხდება. ძალიან ბევრი სუბიექტური ფაქტორი მუშაობს აქ და ამის პროგნოზირება რთულია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა „საღამოს საუბრებში“.

გადაცემაში მან გამოთქვა მოსაზრება, რომ მეორე ტურის წინ, ქვეყანაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ოპოზიციას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბევრი "მსუყე თემის" გამოყენება შეეძლო, თუმცა ამას არ აკეთებს და ამით ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. "ფაქტობრივად არანაირი წინასაარჩევნო კამპანია ხელისუფლებას აღარ სჭირდება, თვითონ უსრულებენ ესენი", - თქვა გია ხუხაშვილმა გადაცემაში.

დღეს, 14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩავიდნენ აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეცამეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ის 1 ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG