Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება


ლოიდ ოსტინი
ლოიდ ოსტინი

საქართველოში მოქმედი აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ევროპულ ტურნეს მიმდინარე კვირის ბოლოს იწყებს და შედგება ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში.

თავდაცვის მინისტრი ასევე ჩავა ბრიუსელში და პირველად მიიღებს მონაწილეობას ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში.

თავდაცვის მდივნის ევროპული ტურნეს მთავარ მიზნად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა სახელდება.

„თავდაცვის დეპარტამენტი ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს მტკიცედ უჭერს მხარს შავი ზღვის მნიშვნელოვან რეგიონში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე. თავდაცვის მდივანი მოუთმენლად ელის კოლეგებთან და სხვა მაღალი რანგის მოხელეებთან შეხვედრას, რათა განამტკიცოს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება უსაფრთხო, სტაბილური და წარმატებული ევროპის მიმართ“, - ვკითხულობთ საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ტექსტის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს:

„რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით“.

აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ „ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში“.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში არ არის მითითებული ლოიდ ოსტინის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დრო.

თავდაცვის მდივნის ვიზიტს პუბლიკაციას უძღვნის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“. პუბლიკაციის ავტორთა შორის არის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი, რომელიც მუდმივად გამოირჩევა საქართველოს ნატოში სწრაფად გაწევრიანების იდეის მხარდაჭერით.

„თავდაცვის მდივნის ვიზიტისთვის უფრო ხელსაყრელი დროის შერჩევა შეუძლებელი იყო. შავი ზღვისა და მთელი რეგიონის ეკონომიკური მნიშვნელობა, უსაფრთხოება და პოლიტიკური მნიშვნელობა სულ უფრო აქტუალური ხდება.

შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნატოს სამხრეთ ფლანგისთვის, არამედ ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებისთვის საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიზნით. როდესაც რუსეთი შავ ზღვას იყენებს პლაცდარმად ოპერაციებისთვის სირიასა და ლიბიაში და, ასევე, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში, აშშ-ისა და ნატოსთვის შეუძლებელია რეგიონის იგნორირება“, - წერია პუბლიკაციაში.

ავტორები ვარაუდობენ, რომ თავდაცვის მდივნის ყურადღების ცენტრში მოექცევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ სარბიელზე დაძაბული ვითარება „სადავო ადგილობრივი არჩევნების“ ფონზე.

„ის უნდა შეხვდეს არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ საქართველოში აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის ლიდერებს“, - ვკითხულობთ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მდივნის (მინისტრის) თანამდებობაზე 2020 წლის დეკემბერში წარადგინა.

ოსტინი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა 2021 წლის 22 იანვრიდან, სენატის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG