Accessibility links

site logo site logo

კახეთში ყურძნის მოსავალი საპროგნოზო მაჩვენებელზე ნაკლებია


კახეთი, 2021 წელი

კახეთის რეგიონში რთველი დასასრულს უახლოვდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, ყურძნის მოსავალი სრულად არის დაბინავებული დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. მოსავალი მცირე ფართობზე ჯერ ისევ ასაღებია ახმეტასა და საგარეჯოში.

წინასწარი პროგნოზი არ გამართლდა და წელს იმაზე ნაკლები მოსავალი მოვიდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 300 ათასის ნაცვლად, 225 ათას ტონამდე ყურძენი დაიკრიფა. ეს რაოდენობა ბევრად ნაკლებია 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებითაც. გასულ წელს რეგიონში ღვინის ქარხნებმა მევენახეებისგან 270 ათასი ტონა მოსავალი ჩაიბარეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა სავარაუდო მიზეზს განმარტავს, რამ გამოიწვია ყურძნის რაოდენობრივი შემცირება.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ ფერმერებთან, რომ მათ ვენახში შესაბამისი ოპერაციების ჩატარებით აქცენტი გაეკეთებინათ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. როგორც ჩანს, ამან გამოიღო გარკვეული შედეგი და რიგ შემთხვევებში ხარისხის ხარჯზე რაოდენობა შემცირებულია. ასევე უნდა აღინიშნოს ამინდის ის პირობები, რაც იყო“, - თქვა ლევან მეხუზლამ.

კახეთის რეგიონში ღვინის კომპანიების მიერ გადამუშავებული 225 ათასი ტონა ყურძნიდან 70 ათას ტონამდე საფერავია, დანარჩენი კი - რქაწითელი, კახური მწვანე და სხვა ჯიშები. გასულ წლებთან შედარებით წელს რქაწითელს ყველაზე მაღალი ფასი ჰქონდა და, სუბსიდიის ჩათვლით, ერთი კილოგრამი 90 თეთრი ღირდა. თუმცა მევენახეთა ნაწილი ამბობს, რომ, გაუფასურებული ლარის ფონზე, ეს ფასი მიზერულია.

კახელი მევენახეების ნაწილი წელს რამდენჯერმე მოსულმა სეტყვამაც მნიშვნელოვნად დააზარალა. გურჯაანის, თელავის, ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ასეულობით ფერმერმა ყურძნის მოსავალი საერთოდ ვერ მიიღო.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 26 აგვისტოსა და 2 სექტემბერს მოსულმა სეტყვამ სულ მცირე 1300 ოჯახი დააზარალა. ასეთ ფერმერებს მთავრობის მეთაური დაჰპირდა, რომ ჰექტარზე 3 000-ლარიანი კომპენსაცია გაიცემა, თუმცა ეს თანხა მევენახეებს ამ დრომდე არ მიუღიათ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, ლევან უროტაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემა ორშაბათიდან, 18 ოქტომბრიდან დაიწყება.

თანხას დაზარალებულებს საბანკო ანგარიშზე გადაურიცხავენ და ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.

კახეთში რთველი დაახლოებით ორ-სამ დღეში დასრულდება. პარალელურად, ყურძნის კრეფა დაიწყო რაჭაში.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG