Accessibility links

site logo site logo

მაშინ, როცა ,,არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია“


ავტორი: ანი კახიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს - არჩევნებამდე ერთი დღით ადრე - ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის ავთენტურობა ხელისუფლებამ ეჭვქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია. საღამომდე - სანამ პრეზიდენტს დააკავებდნენ, ქვეყანაში ორი ყველაზე დიდი პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს ტყუილის გავრცელებას აბრალებდნენ. ორთაბრძოლაში ჩართული იყო ტელევიზიები: ერთსა და იმავე დროს იმედი პრეზიდენტის ადგილსამყოფლად უკრაინას მიიჩნევდა, მთავარი არხი კი საქართველოს. ბოლოს გაირკვა, რომ რასაც მთელი დღის განმავლობაში თანამდებობის პირები ამტკიცებდნენ სიცრუე იყო.

სოციალურ ქსელში მომხმარებელთა ისტერიული სიცილის მიღმა ცხადი იყო წარმოუდგენელი უნდობლობა პოლიტიკური პარტიების მიმართ და მკაცრი პოლარიზაცია ამომრჩეველთა შორის.

როგორც პიტერ პომარენცევი იტყოდა კრემლის პოლიტიკის შეფასებისას - არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია. დაბნეულობა და ყველაფრის შესაძლებლობის დაშვება ცვლად იდენტობას ანიჭებს ადამიანებსა და თავად რეჟიმს. ავტორი წერს: ,,სისტემა დილით შეიძლება ოლიგარქიული იყოს, საღამოს - დემოკრატიული, ვახშამზე მონარქიული და ძილის დროს ტოტალიტარული“. თავის მხრივ - მოქალაქე ადაპტირდება ცვალებად სისტემასთან. ამ კონტექსტში საინტერესოა წიგნის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ოლიონა, რომელიც პოსტ საბჭოთა რუსეთში მამაკაცებთან ანგარებით ურთიერთობას ცდილობს. პარტნიორის მიხედვით იცვლის საკუთარ იმიჯს - თუ მდიდარ მილიონერს პოეზია უყვარს, მაშინ პუშკინსაც კი ისწავლის. დოკუმენტური სიუჟეტის მთავარი გმირი რუსეთის მოსახლეობის ელასტიკური და ცვლადი პოლიტიკურ მიმართებების ილუსტრაციაა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინსტიტუციებისა და პოლიტიკური ფიგურებისადმი უნდობლობაა. ყველაფერი PR-ია და ის, ვისაც პოლიტიკოსების სჯერა, სულელი მიამიტია.

მსგავს სისტემაში ყველა პოლიტიკოსი ცდილობს შექმნას საკუთარი ხალხის ახალი იდენტობა. თუ აღარ არსებობს ფაქტები, მაშინ მთავარი აქტორები პოპულისტურ იდეებს უჭერენ მხარს, რაც თავის თავში გულისხმობს მტრის ხატის შექმნას - დასავლეთის, ეთნიკური უმცირესობის, ლგბტქ+ თემისა თუ სხვათა წინააღმდეგ გაერთიანებას. გასათვალისწინებელია, რომ მორალი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს პოპულიზმის კონტექსტში - სიკეთე ბოროტების (ამორალური არსებების) წინააღმდეგ იბრძვის. პოპულიზმს არ აქვს იდეოლოგია - ის ფორმას იცვლის, მაგრამ წარმატებით გამოიყენება, როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე პოლიტიკოსების მიერ. რალფ დაჰრენდოფის თქმით - ,,პოპულიზმი მარტივია, დემოკრატია კომპლექსური." მაგალითისთვის, ინდივიდუალური თავისუფლებისთვის ბრძოლა დასავლეთისგან შემოგზავნილ ხალხის ხელოვნურ სურვილად ‘ინათლება’, ხოლო მის საპირწონედ თითქოს ჩვენში -პოსტ საბჭოთა სივრცეში - ბუნებრივად არსებობს უმრავლესობის ‘უფლებების’ უმცირესობისგან დაცვის ტრადიცია: ,,როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% წინააღმდეგია დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას ყველანი უნდა დავემორჩილოთ, ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი, ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ვართ იძულებული, რომ ამას ანგარიში გავუწიოთ. ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს! ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს.“,- განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 12 ივლის და გაამართლა რადიკალური ჯგუფები, რომლებმაც ძალადობრივი გზით 5 ივლისს ლგბტ თემის წარმომადგენლებს პრაიდის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

დახლეჩილობას, პოლარიზაციას და რადიკალურ იდეებს სოციალური ქსელებიც ახალისებს. პიტერ პომერანცევის განმარტებით, სოციალური მედია კოლაბორაციის ნაცვლად აგრესიულ ქცევას ‘აჯილდოებს’. რაც ჰგავს 2000-იანების დასაწყისში რეალით შოუებს, სადაც, ავტორის განმარტებით, სპეციალურად არჩევდნენ უხეშ, ყველაფერზე წამსვლელ მონაწილეებს, რათა საინტერესო შოუ გამოსულიყო. დღეს პოლიტიკაა რეალით შოუდ ქცეული და პოპულარულია ის, ვინც თამაშობს წესების გარეშე. თუ Facebook-ის ქოლგის ქვეშ არსებულ კომპანიებს გავითვალისწინებთ, როგორიცაა ინსტაგრამი, მესენჯერი და WhatsApp, ინტერნეტის მომხმარებელთა დაახლოებით 86%-ს ფარავს; გასათვალისწინებელია, რომ განსხვავებული ასაკობრივი კატეგორიების წარმომადგენლებს - 16-დან 64 წლამდე, 33 ქვეყანაში. მომხმარებელთა 44% კი, 26 ქვეყნიდან, ადასტურებს, რომ აღნიშნულ სოციალურ ქსელებს ახალი ამბების გასაგებად იყენებს. Facebook-ის ალგორითმი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მომხმარებელი რაც შეიძლება დიდ ხანს დარჩეს ონლაინ, შესაბამისად, აწვდის იმ პოსტებს, რომლებიც ყველაზე ახლოსაა მის პოზიციასთან. Thinking Machines Data Science-ის დამფუძნებლის სტეფან სის განმარტებით, მომხმარებელი ვერ ხედავს პოლიტიკური პროცესის სრულ სურათს. მეტიც, იმის გამო, რომ სოციალურ სივრცეში ყველაზე ხშირად ვხედავთ იმას, რაზეც Facebook ფიქრობს, რომ გვაინტერებს, ჩვენი პოზიცია დღითიდღე უფრო რადიკალური ხდება. შედეგად ვიღებთ პოლარიზაციის ისეთ ფორმას, რომელშიც დიალოგი წარმოუდგენელია. Facebook-ის ჯგუფებში ორმოცდათხუთმეტი მილიონი კომენტარის ოთხწლიანმა ანალიზის შედეგად, ვენეციის უნივერსიტეტმა დაადგინა, რომ რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება სოციალურ ქსელში კამათი, მით უფრო პოლარიზებული ხდება პოზიციები.

პოლარიზაციის გარდა, პოლიტიკურ იარაღად იქცევა ხალხის - დაბნეულობა, შიში. სწორედ ამით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას ხელისუფალი. დღეს რუსული (და არა მხოლოდ) პროპაგანდისტული მანქანის წარმატების ‘საიდუმლო’ ისაა, რომ არ არსებობს სიმართლე და ყველაფერი შესაძლებელია: საკუთარი პოზიციის დასაცავად უკვე საპირისპირო აზრის შეზღუდვა ან მის წინააღმდეგ ინფორმაციული ნაკადის გაძლიერება კი აღარაა საჭირო, არამედ აუცილებელია ბევრი ვერსიის გავრცელება. იმდენად ბევრის, რომ ადამიანი შიშმა, პარანოიამ მოიცვას და გაუჩნდეს მხსნელის პოვნის ბუნებრივი მოთხოვნა. ამ დროს მესიის როლს მთავრობა ირგებს, რომელიც, მათივე ნარატივით - შეიძლება არ იყოს კარგი, მაგრამ ყველა სხვა მასზე უარესია.

2 ოქტომბერს თვითმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ორ მსხვილ პარტიაზე განაწილდა. აღნიშნული შედეგი შეიძლება პრეზიდენტის ჩამოსვლას მივაწეროთ: როგორც ჩანს, ერთი მხრივ - მტრის ხატი, ხოლო - მეორე მხრივ - მხსნელის როლი წარმატებით აძლიერებს პოლარიზაციას ფაქტებით დაცლილ სამყაროში.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG