სოფელ გურჯაანში, ბიძაშვილის მიერ დაჭრილი 70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ გურჯაანის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა გელა ორველაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს, მას ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებებიც, თუმცა არსებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუსაბამო აღმოჩნდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გურჯაანში 71 წლის მამაკაცმა (ა.ზ.), ცეცხლსასროლი იარაღით ნათესავი ცოლ-ქმარი დაჭრა. ისინი მეზობლები იყვნენ. დაჭრილი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეუღლე საავადმყოფოში შეყვანის შემდეგ.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მამაკაცი. ადგილობრივების თქმით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყოფითი პრობლემაა, რომელიც ორ ოჯახს შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წლების წინ დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაწერეთ კომენტარი