Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 000-ს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა


გუდაუთის საავადმყოფო
გუდაუთის საავადმყოფო

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა 836 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 226 შემთხვევა დაადასტურა.

აფხაზეთში ეპიდსიტუაციის გაუარესების ახალი ტალღა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია ბავშვებშიც. ბოლო ხანს კორონავირუსი დაუდასტურდა 250-ზე მეტ მოზარდს.

გასული კვირის ბოლოს გამართულ საგანგებო თათბირზე აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ ანქვაბმა ეპიდსიტუაციის გაუარესება იმით ახსნა, რომ მოსახლეობა არ იცრება, არ იცავს შემზღუდავ ზომებს და ისევ იმართება ხალხმრავალი ქორწილები და სხვა ღონისძიებები. ანქვაბმა ერთ-ერთ მაგალითად ის მოიყვანა, რომ სექტემბრის ბოლოს, როცა ე.წ. „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავდნენ, რეკომენდაციების მიუხედავად, ღონისძიებებზე მიიყვანეს სკოლის მოსწავლეები, კაფეები და რესტორნები კი გადავსებული იყო. დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი კვების ობიექტებს დახურვით დაემუქრა.

2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 30 198 და გარდაცვალების 434 შემთხვევა. საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში, დაუზუსტებელი მონაცემებით, დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ეპიდსიტუაცია გაუარესებულია საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონშიც. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ორი კვირით დაკეტა სასწავლო დაწესებულებები და დეკემბრამდე აკრძალა სადღესასწაულო წვეულებები. 19 ოქტომბერს, ინფიცირების 88 ახალი შემთხვევა დაადასტურეს. ოკუპირებული რეგიონის სანიტარიული სამსახურის, „იუგოსეტპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, გასული წლის გაზაფხულიდან აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 7678 და გარდაცვალების 123 შემთხვევა. ცხინვალის რეგიონში, დაუზუსტებელი მონაცემებით, 53 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG