Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ქუთაისელებს მათ ქალაქში ელექტრომობილების წარმოების დაწყებას ჰპირდება


საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მსგავსად, ქუთაისის მოსახლეობას მათ ქალაქში ელექტრომობილების წარმოების დაწყებას ჰპირდება. ამ დაპირების შესახებ ღარიბაშვილმა ქუთაისიდან ისაუბრა, სადაც მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. მათ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს ყოფილი ხელსუფლების ლიდერი, ხატია დეკანოიძე უპირისპირდება.

"ორი-სამი წლის წინ, ორი წლის წინ დაახლოებით, იყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ელექტრომანქანების წარმოებას. გვყავდა ძალიან სერიოზული ინვესტორი, შემდეგ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი და საბოლოოდ, ამ პროექტის გაკეთებამ გადაიწია. ახლა მინდა ვაცნობო ქუთაისელებს, რომ ჩემი დავალებით, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები ინვესტორთან, თანხის დიდი ნაწილი ჩამოტანილია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს პროექტი მივიყვანო ბოლომდე იმისთვის, რომ ქუთაისს დავუბრუნოთ ერთ-ერთი მთავარი ისტორიული მისია", - თქვა ღარიბაშვილმა.

ორ წელზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის აშენებაზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა დაპირება გააჟღერა. მაშინდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის გათვლებით, 2020 წლიდან საქართველო უნდა გამხდარიყო ელექტრომობილების მიმწოდებელი ქვეყანა.

"უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც - ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი, რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს - ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში აშენდება. მე მინდა ქუთაისელებს მივულოცო. ქარხნის წარმადობა იქნება 40 000 ავტომობილი, საიდანაც 50 პროცენტი განკუთვნილი იქნება შიდა ბაზრისთვის, ხოლო 20 000 ავტომობილი ევროკავშირში ექსპორტზე იქნება გატანილი. ეს არის უდიდესი წარმატება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ 2019 წლის აპრილში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG