Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ხაზარაძე ღირსია, რომ არჩევნებზე 2%-ზე მეტს ვერ იღებს


საქართველოს მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო კამპანიის პარალელურად კონკურენტების კრიტიკას აგრძელებს. ბაღდათში ყოფნის დრო მან თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატს "ლელოდან", მამუკა ხაზარაძეს მევახშე უწოდა.

"ხაზარაძე არის იქ, სადაც უნდა იყოს. ის ყოველთვის იყო სააკაშვილის ერთგული მსახური, იგი იყო მოსამსახურე სააკაშვილის კრიმინალური დავალებების, ბიზნესების დატერორების, ქონებების წართმევის და ბანკის მეშვეობით მთელი ამ ტრანზაქციების უბადლო შემსრულებელი. კაცი, რომელსაც ერთ დროს ჰქონდა წარმატებული ბანკირის იმიჯი, როგორ უნდა მოახერხო, რომ დაგარქვან მევახშე და სააკაშვილის მსახური, როგორ ბედავს, რომ ეს კაცი ბედავს ჩვენზე, დემოკრატიაზე და თვითმმართველობაზე საუბარს. ამიტომ ღირსია, ამიტომაც უპასუხა ხალხმა, რომ 2 პროცენტზე მეტს ვერ იღებს არჩევნებზე და ამიტომაც დაამთავრებს კრახით", - თქვა ღარიბაშვილმა.

2014 წლის ივნისში ღარიბაშვილი, როცა პირველად მუშაობდა პრემიერად, ხაზარაძეს წარმატებებსაც ულოცავდა და ამბობდა, რომ ეს არა მხოლოდ მისი კომპანიის, ქვეყნის წარმატება იყო.

ხაზარაძე და მისი ბიზნესპარტნიორი, რომელთან ერთადაც დააფუძნა თიბისი ბანკი, პოლიტიკაში მას შემდეგ წავიდნენ, რაც მათ მიმართ "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს. პოლიტიკაში მოსვლამდე, 2018 წელს ხაზარაძე "ქართული ოცნების" სასარგებლო განცხადებებს აკეთებდა.

"ახლა გაცილებით რთული და გამოწვევებით სავსე რეალობის წინაშე დავდექით. ეს არის რევანშიზმი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი", - ამბობდა მაშინ ხაზარაძე.

თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2019 წელს მისი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ შეიცვალა. მან მაშინ "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადება ასე განმარტა.

"იმ სიტუაციიდან გამომდინარე ამ განცხადების გაკეთება მომიწია. იმის გამო, რომ დეპოზიტარების, ჩვენი დამფინანსებლების უცხოეთიდან, ჩვენი კლიენტების, ჩვენი გუნდის მდგომარეობა იყო საფრთხის წინაშე, ამიტომ ჩემს თავზე ავიღე ეს, თუმცა აქვე მინდა განვმარტო, რომ მე არ მომიწოდებია რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისკენ", - განმარტავდა ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძის პარტია "ლელომ" 2020 წლის არჩევნებში ხმების 3,15 პროცენტი მოაგროვა, 2021 წლის არჩევნებში კი 2,71 პროცენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG