Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს სამინისტრო "ნაციონალური მოძრაობის" შტაბთან მომხდარი ჩხუბის ფაქტს ძალადობის მუხლით იძიებს


„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის წინ მომხდარი ჩხუბის ფაქტზე სიხსხლის სამართლის საქმე აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით იძიებენ. ინციდენტის დროს დაშავდა 5 ადამიანი, სამი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ორიც „ქართული ოცნების“ მომხრე.

შავლეგ მანდარია, რომელმაც თვალის არეში დაზიანება მიიღო, გუშინვე, 24 ოქტომბერს გამოკითხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის პოლიციის მთავარ სამმართველოში, ნაციონალური მოძრაობის სხვა ორ წევრთან ერთად, რომლებმაც ასევე დაზიანებები სახის არეში მიიღეს.

"გუშინ, დაახლოებით დღის პირველ საათზე, შტაბს თავს დაესხნენ ჩემთვის უცნობი პირები. ყვიროდნენ, შემდეგ ჩხუბიც დაიწყეს. ჩვენზე იწევდნენ, სულ ოთხნი იყვნენ, მერე უცებ ბევრნი გახდნენ. ვიღაცამ უკნიდან მუშტი ჩამარტყა. ვინ იყო, ვერ გავარჩიე", - თქვა შავლეგ მანდარიამ.

"ქართული ოცნების" ორი მხარდამჭერი გუშინ, გვიან ღამით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მთავარი ექიმის პაპუნა ბახტაძის თქმით, ერთ-ერთს მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა და მალევე გაწერეს, მეორეს კი, რომელსაც სახის და ტანის არეში დაჟეჟილობები აქვს, დღეს გაწერენ.

„ორივეს ჩავუტარეთ საფუძვლიანი გამოკვლევა, მივმართეთ პრევენციულ ღონისძიებებს. რაიმე მოტეხილობა ვერ გამოვავლინეთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პაპუნა ბახტაძემ.

გავრცელებულ ფოტო- და ვიდეოკადრებში, ნაციონალური მოძრაობის შტაბთან მისული რამდენიმე პირი ოპოზიციური პარტიის მისამართით იმუქრება, ისმის დაპირისპირებულ მხარეთა გინება, ასევე, როგორ ურტყამს ერთ-ერთს რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე ფეხს.

ქართული ოცნების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ვასილ ბალახაძემ, მედიას დაზიანებული ფეხი აჩვენა. ის ამტკიცებდა, რომ კირკიტაძემ ფეხი ჩაარტყა. ბალახაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის შტაბთან მეგობრებთან ერთად იმიტომ მივიდა, რომ კირკიტაძისთვის შეეხსენებინა თავისი ისტორია, თუ როგორი რეპრესიები განიცადა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს.

დავით კირკიტაძემ ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ მათ ოფისის ფიზიკურად დაცვა მოუწიათ.

„ჩვენს ოფისთან მობილიზებულები იყვნენ სსიპ-ებისა და ააიპ-ების თანამშრომლები, ჩვენზე თავდასხმის ორგანიზატორები იყვნენ ის ადამიანები, ვინც 14 ოქტომბერს თბილისში მიტინგზე მიმავალ ჩვენს ავტოკოლონას თავს დაესხნენ ცოცხებით... როცა სამართალდამცველებისგან რეაგირება არ ხდება, დავიცავთ ჩვენს არა მხოლოდ ოფისებს და ჩვენს წევრებს, არამედ თითოეულ ხმას“, - თქვა დავით კირკიტაძემ.

გავრცელებულ კადრებში ინციდენტის ადგილზე ასევე ჩანან რუსთავის საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. საკრებულოს წევრმა ნინო ტაბატაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის და ამირან ჯანჯღავა, საკრებულოს წევრი, ჩხუბის დროს იქვე, „ოცნების“ შტაბში იმყოფებოდნენ, მხარდამჭერებთან ერთად. მათ შორის იყვნენ ააიპ-ების და სსიპ-ების თანამშრომლები, რომლებსაც უქმე დღეებში წინასაარჩევნო პროცესებში მონაწილეობის უფლება აქვთ.

„მეც და ჩემი შტაბის წევრებიც გაშველებაში ჩავერთეთ“, - თქვა ნინო ტაბატაძემ.

თუმცა, ამირან ჯანჯღავამ დღეს მედიას უთხრა, რომ შტაბში მხოლოდ ის და ნინო ტაბატაძე იმყოფებოდნენ, როდესაც გარეთ ხმაური გაიგეს.

„ჩვენ ჩვეულებრივ ვმუშაობდით, როცა გარეთ ხმაური გავიგეთ. გავედით და შევესწარით დაპირისპირებას, შევეცადეთ ვითარების განმუხტვას, როგორ დაიწყო ჩხუბი, არ დამინახავს... ბალახაძეს მხოლოდ ქალაქიდან ვიცნობ, ვიცი, რომ რეპრესირებულია“, - თქვა ჯანჯღავამ.

რუსთავის მერობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან ნინო ლაცაბიძემ დღეს, 25 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე დავით კირკიტაძე ძალადობაში, მისი საარჩევნო შტაბი კი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

„ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას. რაც შეეხება ვასილ ბალახაძეს, რომელიც არის დავით კირკიტაძის დროს რეპრესირებული, ცდილობდა მშვიდად აეხსნა, რა კოშმარი და უბედურება გაიარა მისმა ოჯახმა. და ჩვენ როგორც პოლიტიკოსებს გვაქვს თმენის ვალდებულება, მინიმუმ ვასილ ბალახაძესთან, რომელმაც მძიმე რეპრესიები გაიარა, გამოიჩინო ადამიანობა, გამბედაობა და მოიხადო ბოდიში“, - თქვა ნინო ლაცაბიძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ 30 ოქტომბერს არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG