Accessibility links

site logo site logo

სუდანში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგ


26 ოქტომბერს სუდანში გაგრძელდა საპროტესტო აქციები სამხედროების მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო მძლავრად გმობს სამხედროების მიერ სამოქალაქო ხელისუფლების დამხობას და ძალაუფლების ხელში აღებას.

დღეს მოგვიანებით სუდანში განვითარებული მოვლენების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაა დანიშნული. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვაშინგტონი „გადაჭრით გმობს“ სუდანის სამხედრო ძალების მოქმედებას და მოუწოდა მათ, დაუყოვნებლად გაათავისუფლონ სუდანის პრემიერ-მინისტრი და სხვა სამოქალაქო ლიდერები.

გავრცელებული ცნობებით, დემონსტრანტების ბრბომ უარი თქვა დაშლაზე, მიუხედავად სამხედროების მხრიდან წინა დღით ატეხილი სროლისა, რასაც რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. სუდანის დედაქალაქ ხარტუმის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „არა, წარსულში დაბრუნებას“.

25 ოქტომბერს სუდანის არმიის ხელმძღვანელმა აღმოსავლეთ აფრიკის ამ სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა, როგორც ჩანს, სამხედრო გადატრიალების ფარგლებში დააკავეს პრემიერ-მინისტრი და კიდევ რამდენიმე სამოქალაქო ლიდერი.

ტელევიზიით გადაცემულ მიმართვაში გენერალმა აბდელ-ფატა ბურჰანიმ 25 ოქტომბერს განაცხაფა, რომ მან დაშალა სუვერენული საბჭო - სამოქალაქო და სამხედრო პირებისგან შემდგარი ორგანო - ისევე, როგორც მოქმედი პრემიერ-მინისტრის, აბდალა ჰამდოკის გარდამავალი მთავრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG