Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი ოფიციალურად აღარ არის გერმანიის კანცლერი


გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უფლებამოსილების ამოწურვის სიგელები გადასცა ანგელა მერკელს და მისი კაბინეტის წევრებს, რაც იმას ნიშნავს მერკელი ოფიციალურად აღარ არის გერმანიის ფედერალური კანცლერი. ეს 26 ოქტომბერს მოხდა, გერმანიის ახალი, მეოცე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე.

ამასთან, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა ანგელა მერკელს სთხოვა მოვალეობის შესრულება გააგრძელოს ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ ახალი კანცლერის არჩევამდე. თავის მხრივ, მერკელმა მოვალეობის დროებით შესრულება სთხოვა მინისტრებს. შესაბამისად, ამჟამად გერმანიას ჰყავს ფედერალური კანცლერის და მინისტრების მოვალეობების შემსრულებლები. როგორც გერმანული მაუწყებელი DW წერს, კანონით, მათი უფლებამოსილებები უცვლელია, თუმცა, ტრადიციულად, გერმანიის „გარდამავალი მთავრობა“ არ იღებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

67 წლის ანგელა მერკელი გერმანიის ფედერალურ მთავრობას 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ქრისტიან-დემოკრატი მერკელი კანცლერი იყო 2005 წლის ნოემბრიდან. გერმანიის პირველი ქალი კანცლერი "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" თავმჯდომარეობას 2018 წლიდან ჩამოშორდა და განაცხადა, რომ კანცლერობის კანდიდატი აღარ იქნებოდა.

გერმანიაში 26 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ კონსერვატიულ ბლოკი(CDU/CSU) სოციალ-დემოკრატიული პარტიასთან(SPD) დამარცხდა. თუმცა, ამ პარტიამ ვერ მიიღო მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ხმები და კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებებს აწარმოებს „მწვანეებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“.

თუ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, ქვეყანას ფედერალურ დონეზე პირველად ეყოლება კოალიცია, რომელსაც გერმანიაში შუქნიშანს უწოდებენ სოციალ-დემოკრატების, მწვანეების და თავისუფალი დემოკრატების წითელი, მწვანე და ყვითელი პარტიული ფერების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG