Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე მედიას: ბურჯანაძესთან როცა ქმნით პარტიას და გავრილოვს ახსენებთ, საკუთარ თავში ჩაიხედეთ


მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ საქართველოში, სადაც რუსი დეპუტატი გავრილოვი შემოვიდა, არ შემოუშვეს უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი, პასუხობს, რომ გავრილოვზე საუბრის უფლება არ აქვს მას, ვინც კოალიციას ქმნის ნინო ბურჯანაძესთან. კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ მოიხსენია სამი სატელევიზიო არხი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილად.

"ერთ რამეს გეტყვით რუსულ თემასთან დაკავშირებით. ამ ადამიანებს ჰქონდათ რიტორიკა, რომ ყველაფერ რუსულზე, უხეშად ვიტყვი, აჟრიალდებდათ და დღეს შექმნეს კოალიცია ბურჯანაძესთან ერთად.

თქვენმა პარტიამ შექმნა კოალიცია ბურჯანაძესთან ერთად. კი, ნაცმოძრაობას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, მთავარის, ფორმულას და ტვ პირველის პოლიტიკურ პარტიას ვგულისხმობ.

ბურჯანაძესთან როცა ქმნით პარტიას და მერე კიდევ ვიღაცეებს იხსენებთ, გავრილოვს და პოზნერს და ასე შემდეგ, საკუთარ თავში ჩაიხედეთ. თქვენი პარტია ღიად გაურიგდა ბურჯანაძეს. იღებთ პასუხისმგებლობას ბურჯანაძეზე? მაგით დამთავრებულია თქვენი რიტორიკა, რომ ყველაფერ რუსულზე გაჟრიალებთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ამავე ბრიფინგზე დმიტრი გორდონზე საუბრისას მან თქვა, რომ "შოუს დადგმის საშუალებას ვერავის მისცემენ".

შინაგან საქმეთა სამინისტროს დმიტრი გორდონის საქართველოს საზღვართან შექმნილ გაურკვევლობასთან დაკავშირებით განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

27 ოქტომბერს დმიტრი გორდონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. არშემოშვებას უკრაინელი ჟურნალისტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს, რადგან ქვეყანაში ციხეში მასთან შესახვედრად ჩამოდიოდა. გორდონი აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, არის საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებისთვის.

დმიტრი გორდონამდე, უკრაინელმა იურისტმა ევგენ გრუშოვეცმა განაცხადა, რომ მიზეზის აუხსნელად არ შეუშვეს საქართველოში, სადაც მიხეილ სააკაშვილს უნდა შეხვედროდა.

საზღვარზე შექმნილ დაბრკოლებაზე ისაუბრა უკრაინის სახალხო დამცველმაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში მოსანახულებლად ჩამოვიდა. მან თქვა, რომ 40 წუთის განმავლობაში უსვამდნენ კითხვებს და მხოლოდ მას შემდეგ შემოუშვეს, რაც "ზარები განახორციელა."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG