Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილს ადვოკატებთან პირისპირ კომუნიკაციისა და წერილების გაცვლის საშუალება მისცეს


რუსთავის საპატიმროში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავის ადვოკატებთან პირისპირ კომუნიკაციისა და დოკუმენტების გაცვლის საშუალება მისცეს. ინფორმაცია მედიას მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მიაწოდა.

სწორედ ამის გამო სააკაშვილმა უარი თქვა შიმშილობის პროტესტის კიდევ უფრო დამძიმებაზე და მედიკამენტოზურ მკურნალობას კვლავ დათანხმდა.

"ჩვენ მოგვეცა კომუნიკაცია მასთან ისეთი ფორმით, რაც გამორიცხავდა ჩვენ შორის საუბრის ჩაწერას სახელმწიფო უსაფრთხოების მხრიდან, რის გამო მიხეილ სააკაშვილმა თავისი პროტესტის დამძიმება - უარი მკურნალობაზე, ანალიზებზე და ა.შ. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონსილიუმის წევრი ექიმების მიმართ და მოიხადა ბოდიში, რადგან პროტესტის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეხვდა. ვინაიდან პროტესტი აღმოფხვრილია, ის გააგრძელებს კომუნიკაციას ექიმებთან, მათ შორის კონსილიუმის წევრებთან", - თქვა საძაგლიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ციხეში შესულ სააკაშვილის თანაგუნდელ კობა ნაყოფიას ციხეში ახალი წესები დახვდა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, საგანგებოდ გააფრთხილეს, რომ წერილების გამოტანის უფლება არ ჰქონდა. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ წერილების გაცვლის უფლება არა მხოლოდ მნახველებს, არამედ ადვოკატებსაც არ ჰქონდათ. ამ მიზეზით მოშიმშილე სააკაშვილმა, რომელიც მანამდე მკურნალობას თანხმდებოდა, უარი თქვა სამედიცინო დახმარებაზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს ჩანიშვნის მოთხოვნით მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

ერთადერთი გზა, რითაც ის საკუთარ მხარდამჭერებს ციხიდან ეხმიანებოდა, ადვოკატებისა და მასთან შესახვედრად შესული ადამიანების მიერ გამოტანილი წერილები იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG