Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მიიღეს, ინფორმაცია კი დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა სამსახურმა გაავრცელა.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო როგორც საქალაქო, ისე რაიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. როგორც ე.წ. საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსმა ალბერტ დუდაითიმ ოსურ მედიას უთხრა, მსგავსი ზომების გამოყენება იძულებითია და შეზღუდვების გამკაცრებას უკავშირდება.

მანამდე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ერთკვირიანი არასამუშაო დღეები გამოაცხადა. დასაქმებული პირები 1-დან 7 ნოემბრის ჩათვლით დაისვენებენ. ეს ყველაფერი მობილობის შემცირების მიზნით გადაწყდა.

გარდა ამისა, 1 დეკემბრამდე აკრძალულია ქორწილები, მასობრივი საზეიმო და რელიგიური ღონისძიებები, ასევე მასობრივი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. დახურულ სივრცეებში სავალდებულოა პირბადის ტარება.

გასული 24 საათის განმავლობაში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოკუპირებულ რეგიონში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 9 ათასი ადამიანია ინფიცირებული, მათგან 147 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG