Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმები მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის მრავალფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას


სხვადასხვა პროფილის ექიმები უერთდებიან მოთხოვნას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში.

პლასტიკურ ქირურგი გია გვარამია ფეისბუკში განცხადებას აქვეყნებს. ის წერს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერ ადამიანს აღმოუჩინოს სათანადო დახმარება და იზრუნოს მათი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.

„აღარ არის ნიშნისმოგების დრო, ახლა მთავარია გადავარჩინოთ სიცოცხლე, ადამიანურად მოვეპყროთ პაციენტს და კიდევ ერთი მძიმე ლაქა არ დავტოვოთ ქვეყნის ისტორიაში.ვეთანხმები მოწოდებას, რომ დუმილი ამ დროს შეუძლებელია, არ შეიძლება სიკვდილის ქრონიკის თანამონაწილეები გავხდეთ, ვინც არ უნდა იყოს პაციენტი. სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერ ადამიანს აღმოუჩინოს სათანადო დახმარება და უზრუნველყოს მისი სიცოცხლის ღირსეული შენარჩუნება. აღარ არის ნიშნისმოგების დრო, ახლა მთავარია გადავარჩინოთ სიცოცხლე, ადამიანურად მოვეპყროთ პაციენტს და კიდევ ერთი მძიმე ლაქა არ დავტოვოთ ქვეყნის ისტორიაში. მივმართავ ყველა იმ ექიმს, ვისაც შეიძლება ქონდეს კონტაქტი მოშიმშილე პრეზიდენტთან, გაგვაგებინეთ რა ხდება, ვის დავუჯეროთ და რისი მოლოდინი გვქონდეს. ნუ მიიღებთ ადამიანის და ქვეყნის ტრაგედიაში მონაწილეობას“, - წერს გია გვარამია.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმიანებიან აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი. მათი განცხადებით ექსპრეზიდენტის სიმპტომები სერიოზულია და შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიქმნას სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა:

„ჯანდაცვის სამინისტროს! თქვენი პროფესიული მოვალეობაა, მიუთითოთ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო სექტორს, რომ პატიმარი პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ მდგომარეობაში კი არა, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად და ინტენსიური განყოფილების მახლობლად კი არ უნდა იყოს მოთავსებული, არამედ კარგად აღჭურვილ, გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ინტენსიურ განყოფილებაში განუწყვეტელი ტელემეტრიული მეთვალყურეობის ქვეშ“ - წერს ნანა გეგეჭკორი.

ექიმის თქმით სააკაშვილთან ვიზიტად მყოფი მისი მეგობრის გადმოცემით ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნებოდა სისხლნარევი ღებინება, რაც მისი განმარტებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენაზე მიანიშნებს.

„სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წარმოადგენს გადაუდებელ სამედიცინო პრობლემას. ასეთი პაციენტი სასწრაფოდ უნდა იქნეს მოთავსებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არასტაბილური ჰემოდინამიკის შემთხვევაში პირდაპირ პალატაშივე უნდა ჩატარდეს კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტის ენდოსკოპიური კვლევა შესაბამისი რადიკალური ჩარევით. გასათვალისწინებელია გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შესაძლო საჭიროებაც“.

გარდა ცალკეული განცხადებებისა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილი პეტიციასაც აწერს ხელს, რომლის მოთხოვნაც არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა.

შეგახსენებთ, რომ გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შაბათს საღამოს მოინახულა მისმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. ყიფშიძის თქმით, გუშინ იყო პირველი დღე, როცა სააკაშვილმა მთელი დღე საწოლში გაატარა და ძლიერი სისუსტის გამო მოსანახულებელ ოთახში ჩასვლაც ვერ შეძლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG