Accessibility links

site logo site logo

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე სამართალდამცველებს და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა


16 ნოემბერს ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე თავშეყრილ მიგრანტებსა და პოლონელ ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც მიგრანტთა ჯგუფმა ძალადობრივი გზით საზღვრის გარღვევა სცადა.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიგრანტთა ჯგუფმა ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინა შეიარაღებულ სამხედროებს, რომლებმაც პასუხად წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

„მიგრანტები თავს დაესხნენ ჩვენს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, უშენდნენ მათ ქვებს, ისინი ცდილობდნენ გაერღვიათ სასაზღვრო ბარიერი და შეეღწიათ პოლონეთის ტერიტორიაზე. აგრესიის ჩახშობის მიზნით, ჩვენმა სამსახურებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი“, - ნათქვამია პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის სასაზღვრო გასასვლელ კუზნიცასთან მომხდარი დაპირისპირების ამსახველი კადრები.

ევროკავშირი ბელარუსის ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ადანაშაულებს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტების ჩამოყვანასა და ევროკავშირის ქვეყნების - ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის - საზღვართან მათ გადაყვანაში, რაც წარმოადგენს მინსკის მხრიდან შურისძიებას იმ სანქციებისთვის, რომელიც ევროკავშირმა ბელარუსის რეჟიმს დაუწესა 2020 წლის 9 აგვისტოს შემდგომ დაწყებული აქციების ძალის გამოყენებით დაშლისა და მასშტაბური რეპრესიების გამო.

მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 15 ნოემბერს სატელეფონო საუბარი გამართა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან, იტყობინება Reuters-ი.

მოლაპარაკებები დაახლოებით 50 წუთს გრძელდებოდა. პოლიტიკოსებმა განიხილეს მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე და ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა. ისინი ასევე შეთანხმდნენ შემდგომ კონტაქტებზე. სხვა დეტალებს არ იტყობინებიან.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG