Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში? - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 ნოემბერს


აშშ-დან საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი და ღირსეული მოპყრობისკენ. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ნედ პრაისის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის საგარეო უწყება თვალს ადევნებს ექსპრეზიდენტის მიმართ მოპყრობას მისი დაკავების დღიდან და რომ ამ ეტაპზე მიესალმება სახალხო დამცველის მიერ სამედიცინო ჯგუფის შექმნას. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე წერია:

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მოპყრობის შესახებ. ჩვენ ასევე მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ის, რომ ბატონი სააკაშვილი დაესწროს ყველა სასამართლო სხდომას მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ბატონ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს სასამართლო სხდომებს პირადად დასწრების შესაძლებლობას, თუ ის ამას მოითხოვს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

გართულებული ჯანმრთელობის ფონზე მიხეილ სააკაშვილი ისევ #18 დაწესებულებაში რჩება

#18 სამკურნალო დაწესებულებაში გუშინ ღამით არაერთი მნახველი შევიდა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო, რომელმაც გუშინ, მისი ადვოკატებისა და დაწესებულებაში მყოფი ექიმის თქმით, გონება დაკარგა. სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მისი მდგომარეობა რთულია და ის საჭიროებს დიდ ყურადღებას.

პირადი ექიმის განცხადებით, ამ წუთას ყველაზე მეტად საჭიროა მრტ-ის (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის) გაკეთება, თუმცა შესაბამისი აპარატურა ციხის საავადმყოფოში არ არის.

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვენ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრებიც.

ციხეში იმყოფებოდა ალტერნატიული წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი. მისი თქმით, სხვადასხვა პროფილის ექიმებს არ მიეცათ სააკაშვილის შემოწმების საშუალება:

„პირველი, აქ არ ხორციელდება ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელი უწყვეტობა. მისი მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ უნარებს, რომ მართული იყოს პაციენტის ეს მდგომარეობა. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ იმის რეგულირებას, თუ ვინ შევა პაციენტთან და ვინ გამოვა (სამედიცინო შემოწმებას ვგულისხმობ), აკეთებს არა სამედიცინო პერსონალი, არამედ გარკვეული ფორმიანი ადამიანები, რაც დაუშვებელია კლინიკის ტერიტორიაზე. ჩვენს ექიმს, ენდოკრინოლოგს არ მიეცა საშუალება პაციენტი შეემოწმებინა. ჩვენს ექსპერტ-ფსიქიატრს არ მიეცა პაციენტის შემოწმების საშუალება. მხოლოდ მე და რეანიმატოლოგმა შევამოწმეთ“, - თქვა ჯიშკარიანმა.

წუხელ #18 დაწესებულებაში მივიდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ სარჯველაძე. ისინი პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა იყო გარკვეული პრობლემები, რომლის სტაბილიზაციაც მალევე მოხერხდა.

„პაციენტი მიიღებს ყველა იმ სერვისს, რაც კი იქნება გასაკეთებელი. კონკრეტულად რა იქნება ეს სერვისები, ადგილზე განხორციელდება თუ მისი გადაყვანა გახდება საჭირო, ამ საათების განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შედეგად გადაწყდება“, - თქვა სერგეენკომ.

"პოლიტიკურად მოტივირებული" - როგორ აფასებს "ქართული ოცნება" ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ამნესტი ინტერნეიშენალი „ტვიტერზე" გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ორგანიზაცია ამბობს, რომ დაუშვებელია თავდასხმა საქართველოს სახალხო დამცველზე, რომელიც უფლებადაცვით საქმიანობას ეწევა.

"მთავრობამ პატივი უნდა სცეს, არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა და შეასრულოს მათი რეკომენდაციები, რათა პრიორიტეტული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა", - წერს ორგანიზაცია.

"უპასუხო კითხვები", "მოსალოდნელი პასუხისმგებლობა" და "პოლიტიკურად მოტივირებული", - ეს იყო გუშინ მთავარი გზავნილები, რომელიც სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის გაცნობის შემდეგ მმართველი პარტიის წევრებისგან ისმოდა. კონსილიუმმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ თქვა, რომ ის კრიტიკულ ფაზაშია.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით "ფეიკი" - ყალბი ინფორმაცია უწოდა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმეს გაგრძელება მოჰყვება, შეიძლება, სახალხო დამცველის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით კი, კონსილიუმმა იმ მთავარ კითხვას ვერ გასცა პასუხი, რაც შეიძლება ყოფილიყო ამ ექიმების შეკრების მიზანი, ანუ იყო თუ არა რაიმე სახის საჭირო სამედიცინო მომსახურება, რომელიც მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ვერ მიიღო. გარდა ამისა, მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს სახალხო დამცველი მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა და ექიმების სავარაუდო პოლიტიკურ მიკერძოებაზეც ისაუბრა.

წაიკითხე მეტი.

ცვლილებები ენმ-ის საპროტესტო გეგმებში: 19 ნოემბერს აქცია გაიმართება პირველი რესპუბლიკის მოედანზე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა მოქმედების გეგმა შეცვალეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტნიორ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა. მისი თქმით, აქცია გაიმართება 19 ნოემბერს, 15:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე,

ოპოზიცია აუქმებს 19 ნოემბრისთვის სამ ადგილზე დაგეგმილ მანიფესტაცია-მსვლელობას, - თქვა მელიამ და აქციის გამართვის ერთი ადგილი დაასახელა, - ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, ქვეყნის თავისუფლება და ღირსება არის ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, - განაცხადა მელიამ.

წაიკითხე მეტი ენმ-ის დღევანდელი გეგმების შესახებ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიას მოუწოდებს, შეაჩეროს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აპირებს, პირადად დაუკავშირდეს გერმანიის მომავალ კანცლერ ოლაფ შოლცს, რათა მასთან ერთად განიხილოს რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბედი.

პოლონეთი აუცილებლად მიიჩნევს პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დაუყოვნებლად შეჩერებას და ამისკენ მოუწოდებს ოლაფ შოლცს, რომელიც, სავარაუდოდ, სათავეში ჩაუდგება გერმანიის მთავრობას. რადიოსადგურ „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გერმანულ ტაბლოიდ „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა, პოლიტიკური ბრძოლის საგნად იქცა. აშშ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა და უკრაინა მისი ექსპლუატაციის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან შიშობენ, რომ გაზსადენი მოსკოვის ხელში ევროპაზე ზეწოლის ინსტუმენტად იქცევა.

წაიკითხე მეტი.

ვის ხელშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა? - რაც ვიცით

მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა, ექიმთა კონსილიუმის წევრებმა თქვეს, რომ ციხის საავადმყოფოში, გუნდური მუშაობის მიღწევა ჯერჯერობით რთული იქნება, რადგან კლინიკა ახლა იმართება, ისევ აქტუალური გახდა შეკითხვა - ვინ უვლის საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ის 8 ნოემბრის შემდეგ იმყოფება? ვის ხელშია დღეს მისი ჯანმრთელობა, რომელიც ამავე კონსილიუმის მიერ შეფასდა როგორც „კრიტიკული“.

16 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პირველად მონახულების შემდეგ, ციხის საავადმყოფოდან გამოსულმა ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, გიორგი გრიგოლიამ მედიასთან თქვა, რომ ციხის საავადმყოფოს პერსონალის გარდა, დაწესებულებაში მორიგეობდნენ „რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადმოყვანილი ლიცენზირებული ექიმები“.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, ლევან გოფოძეს რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, თუ რამდენი ექიმია გაგზავნილი „რესპუბლიკურიდან“ მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში და ვინ არიან ისინი. გოფოძემ ასე გვიპასუხა:

„ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, ჩვენგან მივლინებულია რამდენიმე რეანიმატოლოგი და ექთანი, რომლებიც იქ მორიგეობენ. ასევე რადიოლოგების ჯგუფი“.

კიდევ რა ვიცით სააკაშვილის მკურნალი ექიმების ჯგუუფის შესახებ?წაიკითხე ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

„რუსეთს თავისი ამბიციები არ განელებია უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით და მუდმივად ამყოფებს მაღალი მზადყოფნის რეჟიმში როგორც უკრაინას, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას“, - ამბობს „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ალექსი პეტრიაშვილი. უკრაინის საკითხი ერთ-ერთია, რომელსაც ის დღეს მიმოიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG