Accessibility links

site logo site logo

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობაზე ახალი დასკვნა გამოაქვეყნა


ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა N3 დასკვნა გამოაქვეყნა. ჯგუფის წევრები თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში 23 ნოემბერს იმყოფებოდნენ.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადების თანახმად, ექსპერტები გაესაუბრნენ მიხეილ სააკაშვილს, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, ესაუბრნენ ექიმებს და გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს.

დასკვნაში მოცემულია ძირითადი საყურადღებო პრობლემები:

„1. ყურადღებას იპყრობს ფოსფატის დონის შეფარდებითი ვარდნა სისხლში: 3მმოლ/ლ-დან (რამდენიმე დღის წინ) - 1,08 მმოლ/ლ-ამდე, რაც შეესაბამება პროგნოზირებულ რეფიდინგის სინდრომს და ითხოვს ფოსფორის, ასევე სხვა ელექტროლიტების ხშირ მონიტორინგსა და საჭიროებისამებრ შევსებას.

2. ვერნიკეს ენცეფალოპათია ამ ეტაპზე არ პროგრესირებს. გორის ჰოსპიტალში გადმოყვანის, კვების დაწყებისა და თიამინის ინტენსიური შევსების შემდეგ, კრუნჩხვით აქტივობას ადგილი აღარ ჰქონია და პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად დასტაბილურდა.

ჩატარებულია თავის კტ კვლევა. დასკვნის მიხედვით რაიმე აბნორმალურს არ მიუთითებს. რაც შეეხება მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას, თიამინით ადეკვატური შევსების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, ვერნიკეს სინდრომისათვის დამახასიათებელი ცვლილებები ამ ტესტის სურათზე უკუვითარდება და რადგანაც პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, კვლევის გადაუდებელ რეჟიმში გაკეთება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.

ვერნიკეს ენცეფალოპათიის პროგნოზის მხრივ, მზერის პარეზი მოსალოდნელია რომ მალევე აღდგეს, ვესტიბულური დისფუნქცია 2 კვირის განმავლობაში გაუმჯობესდეს. თუმცა, დაბნეულობა და სისუსტე რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს. არ არის გამორიცხული, რომ მზერის პარეზის სრული აღდგენა არ მოხდეს.

სინდრომის მკურნალობა ამ ეტაპზე, ჩვენი შეფასებით, მდგომარეობის ადეკვატურია.

3. თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოსა და შიმშილით გამოწვეული მძიმე ვერნიკეს სინდრომის კომბინაციას, მისაღები შედეგისათვის მკურნალობის პროცესში ჩართული უნდა იქნას მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, შესაბამისი დიაგნოზის დასმის, ფსიქოთერაპიის კურსისა და ფარმაკოლოგიური მკურნალობის განსაზღვრის, რეაბილიტაციის პროცესის ადეკვატურად წარმართვის მიზნით.

4. ვიტამინების დეფიციტისათვის გაგრძელდეს მულტივიტამინები.

5. ფიზიკური რეაბილიტაცია".

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, კვლავ უჩივის საერთო სისუსტეს, წონასწორობის დარღვევას. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან:

გიორგი გრიგოლია

გრიგოლ ხურციძე

გიორგი კაჭარავა

გიორგი პაპიაშვილი

აიდა გოზალოვა

თენგიზ წულაძე

ნინო ზავრაშვილი

მამუკა მაჩაიძე

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა თავდაპირველად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა 17 ნოემბერს გამოაქვეყნა.

„პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - ვკითხულობთ დასკვნაში.

დასკვნის სრული ტექსტი შეგიძლია იხილოთ აქ

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სააკაშვილი დასთანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG