Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯიშკარიანი: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობას იძლევა


მარიამ ჯიშკარიანი - წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი
მარიამ ჯიშკარიანი - წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა ხელს არ შეუშლის მის მონაწილეობას სასამართლო პროცესზე - ასეთი განცხადება გააკეთა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ.

ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფის რამდენიმე წევრი პატიმარ პაციენტთან დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მუშაობდა.

„მიხეილ სააკაშვილთან გვქონდა სამედიცინო გასაუბრება და ასევე გასინჯვა. დოკუმენტაციას ნაწილობრივ გავეცანით და შეიძლება ხვალ ისევ მოვიდეთ სანახავად. ჩვენი მოსაზრებით, სასამართლო პროცესზე წასვლას ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის.

პაციენტი, რა თქმა უნდა, კვლავ საჭიროებს მკურნალობასა და რეაბილიტაციას. გამოკვლევასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაციები გვაქვს და შევჯერდებით, თუმცა ფსიქო-ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არანაირად ხელს არ უშლის სასამართლო პროცესში მონაწილეობას“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ.

მისი შეფასებით, პაციენტ პატიმარს სჭირდება მულტიდისციპლინური მიდგომა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, თუმცა „განსაკუთრებული ფსიქოლოგიური დახმარება არ სჭირდება“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოშია დანიშნული. განიხილება 2007 წლის 7 ნოემბერის აქციის ძალის გადამეტებით დაშლისა და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმე. მიხელ სააკაშვილს ამ საქმეზე ბრალი აქვს წაყენებული.

სასამართლო სხდომის პარალელურად, "ნაციონალური მოძრაობა" აქციის გამართვას გეგმავს და მომხრეებს შეკრებისკენ მოუწოდებს.

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჯერ კიდევ 21 ნოემბერს განაცხადა, რომ მის პაციენტს სურდა მარიამ ჯიშკარიანთან შეხვედრა და ასევე აღნიშნა, რომ საჭირო იყო ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება სახელმწიფოს მიერ შერჩეული ექიმების კონსილიუმის ჯგუფში.

იმავე დღეს ყიფშიძემ გაიმეორა თავისი ინიციატივა მესამე პრეზიდენტისთვის თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობის მინიჭების შესახებ და პოსტტრავმული სინდრომიც ახსენა.

22 ნოემბერს, მარიამ ჯიშკარიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ელოდებოდა კლინიკაში შესვლის ნებართვას პენიტენციური სამსახურისგან.

ასევე ჯიშკარიანმა 22 ნოემბერს გვითხრა, რომ „პოსტტრავმული სინდრომი“ სტრესზე მომუშავე ფსიქიატრების სამართავი პრობლემაა, თავდაპირველად ეს ვერსია ერთ-ერთ ინტერვიუში სწორედ მან ახსენა და „დიაგნოსტიკა ჯერჯერობით არ ჩატარებულა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG