Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთში დემონსტრანტები აპროტესტებენ კანონმდებლობას, რომელიც, მათი თქმით, ბიზნესს ემსახურება


სერბეთის მასშტაბით დემონსტრანტებმა 27 სექტემბერს ქუჩები და ხიდები გადაკეტეს იმ ახალი კანონების გაპროტესტების მიზნით, რომლებიც, მათი თქმით, ბიზნესის ინტერესებს ემსახურება.

პოლიცია დიდი რაოდენობით იყო ქუჩებში, განსაკუთრებით დედაქალაქ ბელგრადში, სადაც დემონსტრანტები სასტვენებით მოდიოდნენ და სკანდირებდნენ ლოზუნგს "სერბეთს არ დავთმობთ". რამდენიმე ადგილას დემონსტრანტებმა მოძრაობა გადაკეტეს და მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანებს უშვებდნენ. ჩრდილოეთ სერბეთში რამდენიმე დემონტრანტი დააკავეს.

გარემოსდამცველი ჯგუფები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან მთავრობის მიერ ახლახან გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც ითვალისწინებს რეფერენდუმის ბარიერის დაწევას და კერძო საკუთრების დაჩქარებულ ექსპროპრიაციას, თუკი ეს საჯარო ინტერესად იქნება მიჩნეული.

აქტივისტების თქმით, ეს უცხოეთის კომპანიებს გაუხსნის გზას გვერდი აუარონ სახალხო უკმაყოფილებას ისეთ პროექტებზე, როგორიცაა კომპანია Rio Tinto-ის განაცხადი დასავლეთ სერბეთში ლითიუმის საბადოს ამუშავებაზე.

სერბეთის მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ახალი კანონები ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაა საჭირო. პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ამბობს, რომ Rio Tinto-ის საბადოს საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ლითიუმის საბადო გაანადგურებს ფერმერების მიწებს და დააბინძურებს წყლებს.

თავად Rio Tinto ამბობს, რომ დაიცავს სერბეთის კანონებს და უარყოფს ბრალდებას, რომ მისი პროექტი გარემოს და ბუნებას უქმნის საფრთხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG