Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დღეიდან ამოქმედდა „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები


28 ნოემბერიდან, კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“, გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვრის კვეთისას რეგულაციები დაუწესდათ 8 ქვეყნის მოქალაქეებს.

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

აღნიშნული ქვეყნებია:

🔴სამხრეთ აფრიკა
🔴ბოცვანა
🔴ზიმბაბვე
🔴ნამიბია
🔴ლესოტო
🔴ესვატინი (სვაზილენდი)
🔴მოზამბიკი
🔴მალავი

„14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე“, - ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ გადაწყვეტილებაში.

საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, უცნობია ვრცელდება თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ „დელტა“ ვარიანტზე სწრაფად და იწვევს თუ არა უფრო მძიმე დაავადებებს.

„წინა ოთხ შტამს - „ალფა“, „ბეტა“, „გამა“, „დელტა“, ჰქონდა მინიჭებული შეშფოთების სტატუსი მაგრამ ასე სწრაფად ეს სტატუსი არცერთს მიუღია. ამის მიზეზი არის ის, რომ ძალიან ბევრი მუტაციაა, დაახლოებით 32 მუტაციას ამბობენ მარტო იმ ცილაში, რომლითაც ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

"ომიკრონის" შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) პირველად 24 ნოემბერს შეატყობინა სამხრეთ აფრიკამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG