Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ომიკრონის" გამო საგანგებოდ იკრიბებიან "დიდი შვიდეულის" ქვეყნების მინისტრები


დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც „დიდი შვიდეულის“(G7) მოქმედი თავმჯდომარეა, გაერთიანების ჯანდაცვის მინისტრების სხდომა მოიწვია კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი სახეობის, „ომიკრონის“ აღმოჩენის გამო. სხდომა დღეს, 29 ნოემბერს ჩატარდება.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი B.1.1.529, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბერძნული ანბანის ასოთი, „ომიკრონით“ აღნიშნა, პირველად ნოემბრის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთში - ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. „ომიკრონს“, რომელსაც დიდი რაოდენობით მუტაცია აქვს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიანიჭა სტატუსი: „შეშფოთების გამომწვევი“. წინასწარი შეფასებით, კორონავირუსის ეს ვარიანტი შესაძლოა, უფრო სწრაფად გავრცელდეს, ვიდრე უკვე ფართოდ გავრცელებული„დელტა“. მეცნიერებს სულ მცირე ორი კვირა სჭირდებათ, რათა განსაზღვრონ, რამდენად საშიშია ახალი შტამი და მოქმედებენ თუ არა მასზე დღეს არსებული ვაქცინები.

ამასთან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მედიკოსთა გაერთიანების, SAMA-ს წარმომადგენელთა პირველადი დაკვირვებით, ახალი სახეობის ვირუსით ინფიცირებულებს სერიოზული გართულებები არ აღენიშნებათ. თუმცა, კვლევა ჯერ საკმაოდ ადრეულ სტადიაზეა. „ომიკრონით“ ინფიცირებულები 40 წლამდე ასაკის პირები, ძირითადად, მამაკაცები არიან. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, კორონავირუსის ახალი სახეობით დაავადების რამდენიმე ათეული შემთხვევაა. „ომიკრონის“ ცალკეული შემთხვევებია აფრიკის კონტინენტს გარეთ, სხვადასხვა ქვეყანაშიც.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის გამო, მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ სამხრეთ აფრიკის რეგიონთან ავიამიმოსვლა შეაჩერა და აფრიკის სამხრეთში მდებარე ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრები დაკეტა. იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც პრევენციულ ზომებს მიმართეს, არიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ავსტრალია, ინდოეთი, რუსეთი, იაპონია და ევროკავშირის ქვეყნები.

აკრძალვები გააკრიტიკა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ. მისი განცხადებით, ჩაკეტვა ვირუსის გავრცელებას ვერ შეაჩერებს და ერთადერთი, რაც აკრძალვას მოჰყვება, ეკონომიკის შემდგომი ნგრევაა. რამაფოსამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართ შემოღებული ზომები დისკრიმინაციად შეაფასა. პროტესტი გამოთქვა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. მისი განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკა შეექოთ ახალი სახეობის სწრაფად აღმოჩენის გამო, ის დასაჯეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მოგზაურობის შეზღუდვა ვირუსის გავრცელების შეჩერებაში მინიმალურ როლს ასრულებს, ადამიანების ცხოვრებაზე კი, მძიმედ აისახება. ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ მსოფლიოს ქვეყნებმა დაიცვან მეცნიერულად შემოწმებული სამედიცინო-სანიტარიული წესები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG