Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა და მთავარი აქცენტები - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 ნოემბერს


"ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო" - სააკაშვილის სიტყვა და მისი შეფასებები

დაკავებიდან 60 დღისა და არაერთი წერილის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პირველად მიმართა საზოგადოებას სასამართლო დარბაზიდან. ამ შესაძლებლობისთვის ის და მისი მხარდამჭერები დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ.

მესამე სასამართლო პროცესს ექსპრეზიდენტი გარეთ, ხმაურიანი აქციის ფონზე დაესწრო. საქალაქო სასამართლოსთან იყო არაერთი დაპირისპირება, რის შედეგადაც აქციის 15 მონაწილე დააკავეს. მათ შორის - გიგი უგულავაც.

სააკაშვილმა თავის 80-წუთიან გამოსვლაში თქვა რომ მისი ხელისუფლების დროს „საკმარისზე მეტი“ შეცდომა იქნა დაშვებული; ხოლო იმ შეცდომებს შორის, რომლებსაც ძალიან ნანობს, საგანგებოდ გამოყოფს სასამართლოს თემას. თუმცა სააკაშვილმა მკაფიოდ გამიჯნა შეცდომა დანაშაულისგან. მისი თქმით, მას დანაშაული არ ჩაუდენია.

სააკაშვილი თვლის, რომ უკანონოა მისთვის გამოტანილი ყველა განაჩენი და ყველა ბრალდება, მათ შორის - „2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობით დაშლის“ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც უკავშირდებოდა 29 ნოემბერს გამართული სასამართლო პროცესიც.

ვრცელი გამოსვლა მან შეკითხვით დაიწყო საქართველოს მოქალაქეების მისამართით. მოქალაქეებს ჰკითხა, მოენატრათ თუ არა „ქვეყნის სიამაყის განცდა“; „ტემპი და დრაივი განვითარების“; „სიახლე და აღმშენებლობა“; „სიყვარული და სითბო“, „გამარჯვების ზეიმი“ და პასუხი თავადვე გასცა - თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ“. მან არაერთხელ მოუწოდა ხალხს მოქმედებისკენ.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი შესვენების შემდეგ მის გარეშე გაგრძელდა. როგორც მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სხდომაზე განაცხადა, ექიმების რეკომენდაციაა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სხდომა გადაიდოს.

კიდევ რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე? რა გეგმები აქვს და რა როლში წარმოუდგენია საკუთარი თავი? ასევე რა შთაბეჭდილება დატოვა მისმა გამოსვლამ? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ზურაბ ზვიადაური გირაოთი გაათავისუფლეს - პროკურატურა ამბობს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია

თელავის რაიონულმა სასამართლომ 50 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური. გამოძიება ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება.

პროკურატურა მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლება დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა. ბრალდების მხარის განცხადებაში წერია:

„საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა. ბრალდების მხარე, სასამართლო პროცესზე სრულიად დასაბუთებულად ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას და აპელირებდა რეალურ საფრთხეებზე, რაც თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავშირებულია ბრალდებულთა მიერ შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენასთან და მოწმეებზე ზემოქმედებასთან. მიუხედავად ამისა, მოსამართლის მიერ ზემოხსენებული გარემოებები არ იქნა მხედველობაში მიღებული...“

სამართალდამცავი უწყების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

წაიკითხე მეტი.

მილიონამდე სრულწლოვანს აზარტული თამაშები აეკრძალება

დაახლოებით 1 მილიონ სრულწლოვანს საქართველოში, აზარტული თამაშები აეკრძალება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, მთავრობის სხდომაზე, სათამაშო ბიზნესისთვის მომზადებული ახალი რეგულაციების წარდგენისას განაცხადა.

კანონპროექტის თანახმად, აზარტულ თამაშებს ვეღარ ითამაშებენ:

  • 25 წლამდე ახალგაზრდები;
  • სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან;
  • საჯარო მოხელეები;
  • პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითრეგულირების მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით;
  • პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით.

კანონპროექტი ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა და ის მკვეთრად ზრდის გადასახადებს სათამაშო ბიზნესისთვის. ასევე ზღუდავს რეკლამის განთავსებას.

წაიკითხე მეტი.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერები ევროკავშირის ხელმძღვანელებს შეხვდებიან

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, 29 ნოემბერს ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია შეხვედრა „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატით.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრები ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელებს შეხვდებიან. მისი თქმით, სამივე ქვეყანას სურს ჰქონდეს წვდომა ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან. ასევე მათ სურთ კავშირების გაღრმავება, რაც, მისი თქმით, უზრუნველყოფს ქვეყნების ფიზიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში.

ზალკალიანის თანახმად, ბრიუსელში ვიზიტი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან იყოს განხილული „ასოცირებული ტრიოს“ პრიორიტეტული მიმართულებები და მოლოდინები „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის წინ. სამიტი 14-15 დეკემბერს გაიმართება.

წაიკითხე მეტი.

გაერო შეშფოთებულია აფრიკის სამხრეთის იზოლაციით შტამ "ომიკრონის" გამო

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა 29 ნოემბერს თქვა, რომ "ღრმად შეშფოთებულია", რადგან მსოფლიოს გარშემო ბევრი ქვეყანა აფრიკის სამხრეთის სახელმწიფოებს სამოგზაურო შეზღუდვებს უწესებს კორონავირუსის ახალი ვარიანტის "ომიკრონის" გამო.

"ყველა მთავრობას მოვუწოდებ განიხილონ განმეორებითი ტესტირება მოგზაურთათვის, სხვა საჭირო და რეალურად ეფექტიან ზომებთან ერთად, იმ მიზნით, რომ ვირუსის გადადების საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული და შესაძლებელი იყოს მოგზაურობა და ეკონომიკური ჩართულობა", - ამბობს გუტერეში განცხადებაში.

ვირუსის ახალი ვარიანტის აღრიცხვა გრძელდება ევროპაში. როგორც სპეციალისტები ამბობენ, „ომიკრონი“ შესაძლოა უფრო მეტად გადამდები იყოს, არსებული ვაქცინების ეფექტიანობა კი უფრო დაბალი მასთან საბრძოლველად, თუმცა ბევრი რამ კვლავ გაურკვეველი რჩება.

სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაცია აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის შტამ "ომიკრონით" არიან ინფიცირებულები, არ გამხდარან სერიოზულად ავად, თუმცა ბევრი მათგანი ახალგაზრდაა და დაავადების დამძიმების ალბათობა მათთან ისედაც დაბალი იყო.

წაიკითხე მეტი.

როგორ დაკარგა საქართველომ 5 წელიწადში 43 ათასი ჰექტარი ტყე

2016-2021 წლებში საქართველოს ტყეების ფართობი 43 ათასი ჰექტარით შემცირდა. მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ, ეს დაახლოებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნახევარია. არასამთავრობო სექტორმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახელმწიფო ტყეს კერძო თუ იურიდიულ პირებს უსასყიდლოდ გადასცემს, რის შემდეგაც ხშირ შემთხვევაში მესაკუთრეები ტყეს ჩეხენ და ამ ადგილას სახლებს აშენებენ.

საქართველოს ტერიტორიის 40% ტყეა, თუ მას დავამატებთ ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საძოვრებს, მივიღებთ სახელმწიფო ქონების დაახლოებით 2/3-ს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა - CENN, ადამიანის უფლებათა ცენტრი და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - წარმოადგინეს კვლევა, რომლის მიხედვითაც კარგად ჩანს, რომ ამ საერთო ქონებას სახელმწიფო სხვადასხვა კერძო პირს ურიგებს.

CENN-ის ხელმძღვანელი ნანა ჯანაშია განმარტავს, რომ 2016 წელს გამარტივდა მიწის რეგისტრაციის წესი. ტყის ფონდის გასხვისება ახლა სამინისტროების გვერდის ავლით, თვითმმართველობის დონეზე ხდება. მუნიციპალიტეტებში შექმნილია აღიარებითი კომისიები, რომლებიც წყვეტენ, ვის მისცენ მიწა და ვის - არა.

წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.

მაღაზიის ნისიებით დაწყებული საგარეო ვალამდე - ამომღები კომპანიები, მსესხებლის და გამსესხებლის უფლებები. ბრძოლა დაკარგული ქონებისთვის. რამდენია ჩვენი ვალი? - ფენოვანი 2.10 ვალზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG