Accessibility links

site logo site logo

პირადი ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის შემდეგ სასამართლო პროცესზე გამოსვლისთვის


ნიკოლოზ ყიფშიძე

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. მისი შეფასებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

„მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა რთული და გრძელი დღე, ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს. მთხოვა, რომ კიდევ ერთხელ გადმომეცა მოკითხვა ქართველი ხალხისთვის. მზად არის შემდეგ სასამართლო პროცესზე გამოსვლისთვის. 30 ნოემბერს, ალბათ, კიდევ ექნება დატვირთული დღე, რადგან დამატებითი ტესტები აქვს გასაკეთებელი, რომელიც დღეს, ბუნებრივია, დღეს არ ყოფილა. მითხრა, რომ დიდი მოკითხვა გადამეცა იმ გუნდისთვის, რომელიც ბოლო დროს მკურნალობს პრეზიდენტს. ეს არის პირველი კონსილიუმი. ასევე დიდი მადლობა გორის გუნდს, რომლებიც ამჟამად მკურნალობენ“, - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად დაესწრო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მან სასამართლოს ვრცელი სიტყვით მიმართა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე - 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებდა, რომ არსებობდა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG