Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგამოძიებო ჯგუფებს გაუთიშეს წვდომა სისტემაზე, რომლითაც შეიძლება რუსეთის ჯარების გადაადგილების შემოწმება


საგამოძიებო პროექტ Conflict Intelligence Team-სა (CIT) და გამომძიებელი ჟურნალისტების კიდევ ერთ ჯგუფს გაუთიშეს წვდომა GdeVagon-ზე, რომლის მეშვეობითაც შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე ვაგონებისა და კონტეინერების ადგილმდებარეობის შემოწმება. ამ სერვისის მეშვეობით გამომძიებლები ახერხებდნენ, თვალი ედევნებინათ უკრაინის საზღვრებისკენ რუსეთის ჯარების გადასროლისთვის.

სერვისის გათიშვის შესახებ CIT-მ Telegram-ში დაწერა საკუთარ არხზე. წვდომის გათიშვის თაობაზე გამომძიებლებმა მაშინ აღმოაჩინეს, როცა აპირებდნენ, შეემოწმებინათ მარშრუტი მატარებლისა, რომელსაც სავარაუდოდ უკრაინის მიმართულებით გადაჰქონდა რუსეთის არმიის შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა და სატვირთო ავტომობილები.

მოსკოვი აქტიურად იყენებს სარკინიგზო ხაზებს სამხედროთა დისლოკაციის შესაცვლელად. ნოემბერში გამოცემა War on Rocks-ი აღნიშნავდა, რომ რუსეთის არმია კრიტიკულად და ევროპის სხვა ქვეყნებზე მეტად არის დამოკიდებული სარკინიგზო გადაზიდვებზე. მარტის ბოლოს, უკრაინის საზღვარზე ვითარების გამწვავებისას, გაზეთი „კომერსანტი“ წერდა, რომ მკვეთრად გაიზარდა არმიის მიერ სარკინიგზო ხაზების გამოყენება.

ჯარების შესაძლო გადაყვანის თაობაზე ინფორმაცია, რომელსაც CIT ამოწმებდა, ვრცელდება დასავლეთის ქვეყნების დაზვერვისა და კიევის გაფრთხილებების ფონზე, რომ მოსკოვი უკრაინის საზღვართან მნიშვნელოვან სამხედრო დაჯგუფებას ამზადებს. სავარაუდოდ, ჯარი შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციისთვის.

მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებებს და აცხადებს, რომ კიევი შესაძლოა სეპარატისტების წინააღმდეგ სრულმასშტაბიან შეტევას ამზადებდეს აღმოსავლეთ უკრაინაში. კრემლი მიანიშნებს, რომ ღიად აპირებს სეპარატისტების მხარდაჭერას, თუკი მათ წინააღმდეგ იერიში დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG