Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოკავშირეებს უთხრა, რომ ერთად უფრო ძლიერნი არიან


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რიგაში, ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის მეორე დღეს შეხვდა აშშ-ის პარტნიორებს უკრაინიდან, საქართველოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და ევროკავშირიდან. ამის შესახებ ტვიტერზე წერს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი. მისი ინფორმაციით, ბლინკენმა მოკავშირეებს გაუმეორა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში ნატოს ორდღიანი მინისტერიალი 1 დეკემბერს დასრულდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ნატოს ასპირანტი ქვეყნების, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, დავით ზალკალიანი და დმიტრო კულება. მათ მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში. ნატოს გენერალურმა მდივანმა და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია და მზად არის გააგრძელოს საქართველოს და უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ნატოს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG