Accessibility links

site logo site logo

მინისტრი ზალკალიანი სახელმწიფო მდივან ბლინკენს მადლობას უხდის საქართველოს მხარდაჭერისთვის


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მადლობა გადაუხადა რიგაში, ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.

"მადლობა სახელმწიფო მდივან ბლინკენს ნატოს მინისტერიალზე აშშ-ის მიერ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის დადასტურებისთვის. იმისთვის, რომ ხაზი გაუსვა მაღალი დონის დღის წესრიგში საქართველოს საკითხს და გამოჰყო ჩვენი წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში, მათ შორის, ავღანეთში“, - წერს დავით ზალკალიანი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს მადლობას უხდის მისი სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად გაწეული ძალისხმევისთვის.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში 1 დეკემბერს დასრულდა ნატოს ორდღიანი მინისტერიალი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ნატოს ასპირანტი ქვეყნების, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, დავით ზალკალიანი და დმიტრო კულება. მათ მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში. ნატოს გენერალურმა მდივანმა და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია და მზად არის გააგრძელოს საქართველოს და უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ნატოს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG