Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი კახა ბენდუქიძეზე: კახა მოკლეს ამათ, თავისი ბრალდებებით!


"როცა ვლაპარაკობთ ნუგზარ ფუტკარაძის, ია კერზაიას მკვლელობაზე, არ დაგვავიწყდეს კახა ბენდუქიძის მკვლელობა, რადგან ზუსტად ვიცი, რატომ წავიდა კახა დროზე ადრე სიცოცხლიდან", – კახა ბენდუქიძის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.

„კარგად მესმის კახა ბენდუქიძის, რომელსაც შევხვდი სიკვდილამდე ორი დღით ადრე ბრიუსელში, რომელიც ძალიან ნერვიულობდა, რადგან მასზე იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე საკუთარი უნივერსიტეტიდან თანხის გაფლანგვაზე და კახა მოკლეს ამათ. კახა ბენდუქიძის, გენიალური ქართველი რეფორმატორის, რომელსაც სამ დღეში ნიშნავდნენ, აი იმ დღიდან, როცა შევხვდი, რომ მეთქვა უკრაინის ეკონომიკის მინისტრად და ვიცე-პრემიერად, მისი სიკვდილი გავიგე როცა მივედი აეროპორტში. არ იღებდა ჩემს ტელეფონს ერთი დღე, მივედი აეროპორტში და აღარ ჩამოვიდა, მერე უკვე ნიუსებში გავიდა, რომ კახა ბენდუქიძე აღარ იყო. აი, ამათ მოკლეს თავისი ბრალდებებით. თან უგზავნიდნენ იცით რას? რომ პატარა საკანში იქნები, დაბანის საშუალება არ გექნება, რაც მომიყვა კახამ, მე არაფერს ვიგონებ, იქნები ისეთ დიეტაზე, რომ კუჭი გაგიხმება, რაღაც საოცრებებს უყვებოდნენ. ძალიან კარგად ვიცი, სად იხარშება ეს სიბინძურეები, რომელ შუშის სასახლეებში, რომ მერე მიაწოდონ ადამიანებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კახა ბენდუქიძე, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, გარდაიცვალა 2014 წლის 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, გულის უკმარისობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 2 დეკემბერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით განახლდა მის წინააღმდეგ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა.

პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა ვაცლავ ჰაველის საფლავზე თაიგულის მიტანა, ჯო ბაიდენის გამასპინძლება, საზღვარგარეთ ვიზიტებისას ჯავშნიანი ავტომანქანით სარგებლობა და სხვა მსგავსი ხარჯები.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი საბიუჯეტო თანხებს იყენებდა პირადი და უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა სხვადასხვა, მათ შორის საზღვარგარეთ კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების ხარჯისთვისაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG