Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეისბუკის მფლობელებმა ბელარუსის უშიშროებასთან დაკავშირებული ათობით ყალბი ექაუნთი წაშალეს


კომპანია „მეტა“ აცხადებს, რომ ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან წაშალა ბელარუსის „კა-გე-ბე“-სთან დაკავშირებული ათობით ყალბი ექაუნთი, რომლებიც პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისის გაღვივებისთვის გამოიყენებოდა.

კომპანიის ანგარიშის თანახმად, ყალბი ექაუნთების მფლობელები თავს ასაღებდნენ პოლონელ, ლიეტუველ და ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენელ ჟურნალისტებად და აქტივისტებად და პოლონეთის ხელისუფლებას ინგლისურ, პოლონურ და ქურთულ ენებზე აკრიტიკებდნენ მიგრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში.

ამ ექაუნთების საშუალებით სოციალურ ქსელში ქვეყნდებოდა „ფოტო და ვიდეომასალა პოლონელ მესაზღვრეებზე, რომლებიც სასტიკად არღვევენ მიგრანტების უფლებებს, სხვა ქვეყნებს ადარებდნენ პოლონეთის დამოკიდებულებას მიგრანტების მიმართ.“

აღნიშნულია, რომ ინტერნეტში საქმიანობა განსაკუთრებით გააქტიურდა 2021 წლის ოქტომბერში. კომპანია „მეტამ“ შიდა გამოძიების შედეგად დაადგინა ბელარუსის „კა-გებე-სთან“ ამ ექაუნთების კავშირი.

2021 წელს ევროკავშირ-ბელარუსის საზღვარზე თავი იჩინა მიგრანტთა კრიზისმა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ხელისუფლება აღარ დააკავებს უდოკუმენტო მიგრანტებსა და ნარკომოვაჭრეებს, რომლებიც ევროკავშირში მიემგზავრებიან.

ევროკავშირი ბელარუსის ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ადანაშაულებს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტების ჩამოყვანასა და ევროკავშირის ქვეყნების - ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის - საზღვართან მათ გადაყვანაში, რაც წარმოადგენს მინსკის მხრიდან შურისძიებას იმ სანქციებისთვის, რომელიც ევროკავშირმა ბელარუსის რეჟიმს დაუწესა 2020 წლის 9 აგვისტოს შემდგომ დაწყებული აქციების ძალის გამოყენებით დაშლისა და მასშტაბური რეპრესიების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG