Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსეთს აგრესიისთვის მზადებაში დასდო ბრალი


უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა რუსეთს ბრალი დასდო, რომ მან უკრაინის საზღვარზე 94 ათასზე მეტ ჯარისკაცს მოუყარა თავი და ემზადება სავარაუდო ფართომასშტაბიანი შეტევისთვის მომავალ თვეში.

3 დეკემბერს პარლამენტში გამოსვლისას რეზნიკოვმა თქვა, რომ კიევი არ გაამწვავებს რეგიონში დაძაბულობას, მაგრამ „საჭიროების შემთხვევაში უკრაინა საპასუხო სამხედრო ზომებს მიმართავს“.

„ჩვენი დაზვერვა შეისწავლის ყველა შესაძლო სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესსაც. ის აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. ყველაზე სავარაუდო დრო, როცა მზად უნდა ვიყოთ ასეთი ესკალაციის მოსაგერიებლად, იანვრის ბოლო იქნება“,- თქვა მან. „რაც უფრო უკეთ ვითანამშრომლებთ ჩვენს [დასავლელ] პარტნიორებთან, მით უფრო ნაკლები იქნება ესკალაციის საფრთხე. ესკალაციის თავიდან აცილების გზაა ის, რომ აგრესორისთვის მიუღებელი გავხადოთ შესაძლო ესკალაციის ფასი. უკრაინა ვითარების პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარებით არის დაინტერესებული“, - დასძინა რეზნიკოვმა.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ ცნობების გამო აშშ-მა და მისმა ზოგიერთმა ნატოელმა მოკავშირემ უკანასკნელ დღეებში კვლავ გაიმეორეს, რომ მხარს უჭერენ უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 2 დეკემბერს რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს უკრაინის მახლობლად განლაგებული ჯარები და რეგიონში ვითარების დეესკალაციას დიპლომატური გზებით ეცადოს. მან გააფრთხილა რუსეთი, რომ „ძვირად დაუჯდება“ მეზობლის წინააღმდეგ აგრესია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG