Accessibility links

site logo site logo

თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს: დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ, რუსთაველზე გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ


კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში საუბრისას დეპუტატ თაკო ჩარკვიანს ჰკითხა, რატომ იმყოფებოდა პარლამენტში მაშინ, როცა ის ბოიკოტის მომხრე იყო.

"პოლარიზაციის ხარისხი შეუძლებელია შემცირდეს, როდესაც ოპოზიცია უსინდისოდ იტყუება, რომ არჩევნები გაყალბდა, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციონერი დედას იფიცება, რომ არ შევა პარლამენტში და შემდეგ მინისტრის საათზე რომ მოვალ, აქ დამხვდება დასკუპებული. ქალბატონო თამარ [ჩარკვიანი], რატომ დამხვდით აქ დასკუპებული? ხომ ამბობდით, არ შევალ პარლამენტშიო?" - იკითხა კულტურის მინისტრმა.

წულუკიანმა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის დარბაზში ჩართო თაკო ჩარკვიანის მის მიმართ ნათქვამი ფრაზა, რომელშიც დეპუტატი მინისტრს აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ თეა წულუკიანი არის ბუჩქის ძირად ამოსული უკულტურო ია და ქალბატონად არ იწოდება. თეა წულუკიანმა თქვა, რომ თაკო ჩარკვიანს სურს კულტურის მინისტრობა, თუმცა ამას ვერ შეძლებს, სანამ მისი "ბელადი გისოსებს მიღმაა." თაკო ჩარკვიანმა წულუკიანს მიმართა, რომ შოუს აწყობდა, რაზეც კულტურის მინისტრმა თქვა, რომ შოუც კულუტურის ნაწილია და ის შოუს მინისტრიცაა.

"ია, რომ მეძახეთ მადლობა, შეგეშალათ, ასე მგონია, ღობის ძირას ამოსული ია რომანტიული და საყვარელია, სხვა რაღაც უნდა გეთქვათ, უფრო უშვერი რაღაც. თქვენ ისეთ შეცდომას უშვებთ, რაც „ნაციონალებსაც“ კი არ დაუშვიათ ჩემთან მიმართებაში, რადგან ისინი თქვენგან განსხვავებით, გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და იციან, ჩემზე პირადი შეურაცხყოფები არ მოქმედებს, მაგრამ საგნობრივად რა უნდა მელაპარაკოთ ქალბატონო თამარ, როდესაც თქვენ ისე ხდებით ძალიან ბევრი წლის, რომ ვერ აისრულეთ კულტურის მინისტრობის ოცნება. ეს არის თქვენი ქვეცნობიერი, რაც ჩემდამი აგრესიით განგაწყობთ. მე დღესაც მზად ვარ, დაგითმოთ ეს ადგილი, მობრძანდით და ვნახოთ, როგორ უხელმძღვანელებთ ამ უმნიშვნელოვანეს სისტემას. ძალიან საინტერესო ხანა იქნება, ამისთვის თქვენ უნდა დაელოდოთ, თქვენს გალიაში მჯდომი ბელადი ხელისუფლებაში დაბრუნდეს, მანამდე თქვენი გაკულტურების მინისტრობა და გაკულტურულება უპერსპექტივო ამოცანაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თაკო ჩარკვიანის რეპლიკაზე, ეპასუხა კითხვებზე, მინისტრმა უთხრა:

„ქალბატონო თაკო, ჩვენო კულტურულო, დაგიბრუნდებით, დამაცადეთ, მე სხვა დეპუტატების კითხვებს ვპასუხობ", რაზეც დეპუტატმა უთხრა, რომ „ამდენი დრო არ აქვს.“

„დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ, რუსთაველზე გახვიდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ. აბა, რისთვის გაქვთ დრო. თუ არ გცალიათ, გპასუხობთ, გაშალეთ ლეიბი რუსთაველზე და წამოკოტრიალდით“, – მიმართა თეა წულუკიანმა თაკო ჩარკვიანს.

თეა წულუკიანი კითხვებზე პასუხისას ასევე დაუპირისპირდა სალომე სამადაშვილს, გიორგი ვაშაძეს და ოპოზიციის სხვა წევრებს, ვისაც მის მიმართ კრიტიკული კითხვები ჰქონდათ, მათ შორის სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG