Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეშენალი“ ჟურნალისტ ვლადისლავ ესიპენკოს გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს


ვლადისლავ ესიპენკოს ცოლი ეკატერინა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წინ
ვლადისლავ ესიპენკოს ცოლი ეკატერინა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წინ

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენალი უკრაინა“ მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ხელი მოაწერონ რადიო თავისუფლების პროექტ კრიმ.რეალიის შტატგარეშე ჟურნალისტის, ვლადისლავ ესიპენკოს, გათავისუფლების მოთხოვნას.

„უკრაინელი ჟურნალისტი ვლადისლავ ესიპენკო ყირიმში 2021 წლის 10 მარტს დააკავეს იმ დროს, როდესაც იგი ოკუპირებული ნახევარკუნძულიდან დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებებისათვის მასალებს აგროვებდა. რუსეთის ეფ-ეს-ბეს თანამშრომლებმა ვლადისლავს წამების გზით დასტყუეს აღიარება - აწამებდნენ ელექტროშოკით, სცემდნენ და აბუჩად იგდებდნენ. თითქმის მთელი თვე ჟურნალისტთან არ უშვებდნენ ადვოკატს. ამჟამად მას 18-წლიანი პატიმრობით ემუქრებიან“, - შეახსენებს მკითხველებს „Amnesty International Ukraine“ და მოუწოდებს მათ, რომ ხელი მოაწერონ ტელეგრამის გვერდზე გამოქვეყნებულ შესაბამის პეტიციას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკრაინელმა ომბუდსმენმა, ჟურნალისტთა საერთაშორისო და ევროპულმა ფედერაციებმა მოუწოდეს რუსეთს, რომ ვლადისლავ ესიპენკოს მოეხსნას ყველა ბრალდება და ჟურნალისტი დაუყოვნებლად გათავისუფლდეს.

რადიო თავისუფლება/ რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ აღმაშფოთებელი უწოდა ჟურნალისტ ესიპენკოს წამების შესახებ გავრცელებულ ცნობებს და მოუწოდა დაუყოვნებლად გაათავისუფლონ კრიმ.რეალიის შტატგარეშე კორესპონდენტი.

რუსეთის სამართალდამცველ სტრუქტურებს ვლადისლავ ესიპენკოს მიმართ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG