Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: საზოგადოება უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური აქციებით, ვიდრე იმით, რაც უნდა აღელვებდეს


საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბოლო ხანს საზოგადოება უფრო მეტად დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ვიდრე იმით, რაც რეალურად უნდა აღელვებდეს. სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ ასეთ საკითხად ასახელებს უკრაინის საზღვართან შექმნილ ვითარებას.

„მინდა გამოვეხმაურო ჩვენი მეგობარი და ევროკავშირის ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნის საზღვართან შექმნილ საგანგაშო ვითარებას და ხელახლა დავადასტურო უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა“, - ნათქვამია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ დღეს, 8 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და სჯერა, რომ უკრაინა გაუძლებს არსებულ დაძაბულობას და საფრთხეს და ევროპული ინტეგრაციის არჩეულ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებს: „მჯერა ასევე, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ყველას ინტერესშია“.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წუხილს გამოთქვამს, რომ ბოლო დროს საქართველოში საზოგადოება უფრო დაკავებულია "ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ვიდრე იმით, რაც შეჰფერის" და პრეზიდენტის აზრით, ევალება კიდეც:

"დაინტერესდეს ქვეყნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, იქნება ეს ჩვენს ორ მეზობელს შორის კონფლიქტის შემდგომი მდგომარეობის განვითარება თუ უკრაინის საზღვარზე შექმნილი დღევანდელი ვითარება. ეს არის ის, რაც უნდა გვაინტერესებდეს, გვაღელვებდეს, რამეთუ ჩვენი და ჩვენი რეგიონის მშვიდობა და განვითარება ერთმანეთისგან განუყოფელია".

დღეს, 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი სამოქალაქო პლატფორმის და პარტია "ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა. მათი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით აქვს ისტორიული შანსი, ქვეყანაში არსებული კრიზისი დაასრულოს და ხელი შეუწყოს ეროვნული შერიგების იდეის განხორციელებას. სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლები მოითხოვდნენ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას, რაზეც უარი მიიღეს.

საქართველოს პრეზიდენტის საჯაროდ გაცხადებული პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG