Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელიას თქმით, ენმ მზად არის გახარიას პარტიის კანდიდატებს მხარი დაუჭიროს საკრებულოების თავმჯდომარეებად


ნიკა მელია
ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დაასახელა ხუთი მუნიციპალიტეტი (წალენჯიხა, ზუგდიდი, სენაკი, ჩხოროწყუ, რუსთავი), რომელთა საკრებულოებშიც ოპოზიციას აქვს უმრავლესობა. მან დააზუსტა, რომ ამ მუნიციპალიტეტებში უმრავლესობა მანდატებისა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საკრებულოს თავმჯდომარის დამოუკიდებლად ასარჩევად. ამიტომ, მელია მზად არის, გარკვეული დათქმით გაიზიაროს „გახარია საქართველოსთვის“ წინადადება.

„ქართულ ოპოზიციურ სპექტრში იყო გახარიას პარტიის განცხადება, თითქოს ისინი ითხოვენ და მოუწოდებენ მხარეებს („ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“), რომ მხარი მათ დავუჭიროთ კანდიდატებად“, - აღნიშნა მელიამ.

პოლიტიკოსმა განმარტა „ნაციონალური მოძრაობის“ შემხვედრი წინადადება. „მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულია და მისაღებია, შემხვედრი წინადადებით შევხვდეთ მათ. იყვნენ ისინი საკრებულოს თავმჯდომარეები, ჩვენ დავუჭერთ მათ მხარს საკრებულოების თავმჯდომარეობის კანდიდატებად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საკრებულო თავისი პოზიციებით იყოს დაკავებული ოპოზიციური კანდიდატების მიერ. ის, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე იქნება ოპოზიციონერი და ხმათა უმრავლესობით არის ოპოზიცია წარმოდგენილი, ყველა მნიშვნელოვანი პოზიცია და არა თანამდებობა, მაგალითად, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ყველა საკვანძო პოზიცია უნდა ეკავოს ოპოზიციონერებს, - თქვა მელიამ „TV პირველის" ეთერში და დაამატა, - მეორე, ყველა ის პოზიტიური პროგრამა, რომელიც გვქონდა ოპოზიციურ პარტიებს შევაჯეროთ და ვუპასუხოთ საზოგადოების მოთხოვნებს“.

ნიკა მელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა არის, რომ სხვა მნიშვნელოვანი პოზიციები არ უნდა დაიკავონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა.

ამავე დროს, ნიკა მელიამ გამოხატა საკუთარი პოზიცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის მიმართ. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ და გახარიას პარტიას არაფერი გვაქვს საერთო და არაფერი არც გვექნება, მაგრამ მოსახლეობამ ასე გადაწყვიტა, რომ უმრავლესობა ამ მანდატებისა მიანიჭა ოპოზიციას“, - შენიშნა მელიამ.

3 დეკემბრიდან საქართველოს მუნიციპალიტეტებში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG