Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„3+3“ ფორმატში მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს


„3+3“ თანამშრომლობის ფორმატის პირველი შეხვედრა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში „მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის“ საკითხებს მიეძღვნება, მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე. სააგენტო "ტასის" ცნობით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებს ხუთშაბათს განუცხადა.

„ჩვენი პრეზიდენტისა [თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი] და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის მიერ შეთავაზებული "3+3“ ფორმატში რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველი შეხვედრა, სამხრეთ კავკასიაში მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართება“, - განაცხადეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები.

მანამდე აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერები, ილჰამ ალიევი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი, ყარაბაღის საკითხზე ექვსმხრივი თანამშრომლობის ფორმატის და ამიერკავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის ინიციატივით გამოვიდნენ. რუსეთი და ირანი მიესალმნენ ამ იდეას.

საქართველომ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეგიონულ ინიციატივაში მონაწილეობას, მაგრამ მშვიდობის შესანარჩუნებლად ბაქოსა და ერევანს მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს სთავაზობს.

რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ სამინისტრომ "3+3" რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე.

„ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად ა.წ. 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი“,- განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სომხეთის პრემიერ-მინსტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში ყოფნისას 8 დეკემბერს განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში დაგეგმილ „3+3“ ან „3+2“ ფორმატის მოსამზადებელ შეხვედრაში.

ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი „3+3“ ფორმატით დაინტერესდება, თუ აღმოჩნდება, რომ ის საკითხები, რომლებსაც ერევანი სხვა ფორმატში განიხილავს, ამ პლატფორმებზე არ განიხილება. მისი თქმით, სომხეთმა ეს საკითხი რუს პარტნიორებთან განიხილა და ისინიც ამ აზრს იზიარებენ, - წერს გამოცემა Armenia today.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG