Accessibility links

site logo site logo

როსტოვის სასამართლომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ჯარისთვის სურსათის მიწოდების ფაქტები გამოააშკარავა


რუსული არმიის კოლონა ბრესტის რაიონში. სამხედრო სწავლება "ზაპად 2012"

რუსეთის რაიონულმა სასამართლომ ფარდა ახადა ინფორმაციას, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში, სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ნაწილების სურსათით მომარაგებას ადასტურებს. როგორც როსტოვის რაიონის სასამართლოს განაჩენშია ნათქვამი, აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფ რუს სამხედროებს ორ კვირაში ერთხელ როსტოვის რაიონიდან 1300 ტონა სურსათს უგზავნიდნენ.

მოსკოვი ყოველთვის უარყოფს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის არმიის ყოფნას.

კერძოდ, 2021 წლის ნოემბერში ქალაქ როსტოვის კიროვის რაიონის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი კორუფციის საქმეზე, რომლის ტექსტიც სასამართლოს საიტზეა გამოქვეყნებული. განაჩენის თანახმად, ქრთამის მიცემის ხელშეწყობისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა სამხედრო კვების ადგილობრივი კომპანიის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელმაც სამხრეთ სამხედრო ოლქის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ცენტრის ხელმძღვანელს ქრთამად გადასცა თავისი უფროსისგან მიღებული 990 ათასი რუსული რუბლი.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბრალდებულის მოვალეობას შეადგენდა აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფი რუსი სამხედროებისათვის სურსათით უზრუნველყოფის მარაგის შექმნა. სამხრეთ სამხედრო ოლქის წარმომადგენელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ბრალდებულის მეთაურისგან ყოველთვიურად მოითხოვა 90 ათასი რუბლი, რათა შეუფერხებლად მომხდარიყო სურსათის მიწოდების პროცესი.

წინააღმდეგ შემთხვევაში ის იმუქრებოდა, რომ „სანიტარული კონტროლის მიზნით მოხდებოდა იმ მიწოდების ჩავარდნა, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, საბრძოლო მორიგეობაზე მყოფი რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის იყო გამიზნული.“

სასამართლოს განაჩენის თანახმად, სურსათის მიწოდება ხდებოდა მინიმუმ 2019-2019 წლებში. ხოლო 2018 წლის შემოდგომაზე სანიტარული კონტროლის მიერ სურსათის გაგზავნის შეფერხებამ 30 მილიონი რუსული რუბლის ღირებულების საქონლის გაფუჭება გამოიწვია.

ბრალდებულმა გამოძიებას უთხრა, რომ დონბასელი სეპარატისტებისათვის ტვირთის მიწოდება ყოველ ჯერზე მიმწოდებელს უჯდებოდა 65-80 ათასი რუბლი. მაღალი საფასური მძღოლების სიცოცხლის რისკით იყო განპირობებული. მძღოლები საზღვარზე აბარებდნენ დოკუმენტებს, ხსნიდნენ მანქანებს ნომრებს და უკრაინის ტერიტორიაზე „მიმღები მხარის ესკორტის თანხლებით გადაადგილდებოდნენ“.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის გამოთვლით, 1300 ტონა სურსათი ორ კვირაში ერთხელ საკმარისი იქნებოდა 25 ათასი ჯარისკაცისათვის.

როსტოვის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე კომენტარი გააკეთა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, რომელმაც კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთის ჯარი არ იმყოფებოდა და არც ახლა იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე და სასამართლოს განაჩენში არსებულ ინფორმაციას "შეცდომა" უწოდა. „როგორც ჩანს, საუბარია იმათ შეცდომაზე, ვინც სასამართლოს განაჩენის ტექსტს წერდა, რადგან ეს შეუძლებელია, რუსეთის არავითარი შეიარაღებული ძალა თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე არც ყოფილა და არც არის. რუსეთის შეიარაღებული ძალა იმყოფება მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე“, - მოჰყავს პესკოვის სიტყვები სააგენტო ინტერფაქსს.

ამასთან, რუსეთის პრესმდივანმა ხაზგასმით განაცხადა, რომ რუსეთი აწვდიდა და აწვდის ჰუმანიტარულ დახმარებას „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG