Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს უხუცესმა წევრმა გული ბაძაღუამ განუცხადა, სხდომაზე გამოცხადებული ორსაათიანი შესვენების შემდეგ. მიზეზად მან, “ქართული ოცნების” და ნაციონალური მოძრაობის” წევრების დარბაზში გამოუცხადებლობის გამო, კვორუმის არქონა დაასახელა.

"ქართული ოცნების" წევრის ჯანო პერტაიას განცხადებით, მისი გუნდის წევრები სხვადასხვა მიზეზით ვერ გამოცხადდნენ სხდომაზე. მან თქვა, რომ საკითხზე დამატებით კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს.

ერთადერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც შესვენების შემდეგ სხდომათა დარბაზში მივიდა, პარტია “საქართველოსთვის” იყო. ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის წევრი "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების სხდომაზე გამოუცხადებლობას უპასუხისმგებლო ქმედებად აფასებს:

"გავიდა ორი საათი. ველოდებით ორივე პარტიას. "ქართული ოცნება" აბსურდულ მიზეზს ამბობს იმისა, რომ კვორუმი ვერ შედგა. ბუნებრივია, თვითონ რომ შემოსულიყვნენ, კვორუმი იქნებოდა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ წარვადგენდით ჩვენი პარტიიდან კანდიდატს კვორუმის შემთხვევაში. ბუნებრივია იმისთვის, რომ კრიზისი დაგვეძლია და ერთხელ და სამუდამოდ გამოვსულიყავით ამ ჩიხიდან", - განაცხადა გიგა ფარულავამ.

თავის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს პროცედურულ დარღვევაში ადანაშაულებს.

ენმ-ის წევრის რამაზ გულუას თქმით, მათ დილით პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა და მას შემდეგ სხდომის გაგრძელებაზე ცნობა არ მიუღიათ.

"უხუცესი ქალბატონი გული გამოვიდა და უაპელაციოდ განაცხადა, რომ კვორუმის არარსებობის გამო გადაიდოო სხდომა და როგორ, ვის განუცხადა, ჟურნალისტებს? ჩვენ ვინ გაგვაფრთხილა, 7 წევრი ვართ მოსული, ვინ დაგვირეკა და გვითხრა, რომ საკრებულოს სხდომა ამ საათზე არის ჩანიშნული", - განაცხადა ენმ-ის წევრმა რამაზ გულუამ.

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოში შესვენების გამოცხადებამდე ვერ აირჩია საკრებულოს თავმჯდომარე.

“ქართული ოცნების” კანდიდატ ჯუმბერ იზორიას სხდომაზე მყოფი 19 დეპუტატიდან მხოლოდ 12-მა დაუჭირა მხარი, 7 ბიულეტენი გაბათილდა, რადგან გადახაზული იყო კანდიდატი.

ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ “ქართული ოცნების” 12 და პარტია “საქართველოსთვის”-7 წევრი. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ენმ-დან 8 დეპუტატი, რომლებმაც სხდომა მანამდე პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ჩხოროწყუს ახალარჩეული საკრებულო 27 წევრისგან შედგება. აქედან 7 მანდატი ეკუთვნის პარტიას “საქართველოსთვის”, 7 - “ნაციონალურ მოძრაობას”, 1 - “ლელოს” და 12 - “ქართულ ოცნებას”.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო იმ საკრებულოების რიცხვშია, რომლებშიც თავმჯდომარე მანამდე გამართულ ორ სხდომაზე ვერ აირჩიეს. მიზეზი, ოპოზიციის პროტესტის გამო, კვორუმის არქონა იყო. მართალია მეორე სხდომაზე, 9 დეკემბერს ოპოზიციის პროტესტამდე ფარული კენჭისყრა შედგა, თუმცა თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, რადგან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ასარჩევად საჭირო 14 ხმა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ კენჭისყრამდე ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წარდგენილ შოთა წურწუმიას კანდიდატურას, მან კენჭისყრაში, რომელშიც 14 ოპოზიციონერი და “ქართული ოცნების”12 დეპუტატი მონაწილეობდა, 12 ხმა მიიღო. 13-მა დაუჭირა მხარი “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ ჯუმბერ იზორიას. ერთი ბიულეტენი გაბათილდა იმის გამო, რომ ორივე კანდიდატი იყო გადახაზული.

2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“- ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავისა და ბათუმის - საკრებულოში, სადაც ყველაზე მეტი წევრი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც „ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ.

საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი - „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს, არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG