Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ხურციძე მიხეილ სააკაშვილზე: სანამ იქნება იქ, იქნება ამ მდგომარეობაში


საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი, შინაგანი სნეულებებისა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლ ხურციძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მკურნალობა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია. მან კონსილიუმის დასკვნის მედიისთვის გაცნობის შემდეგ თქვა, რომ ციხეში სააკაშვილისთვის არსებობს ცუდსა და უარეს გამოსავალს შორის არჩევანი.

"თუ ვლაპარაკობთ პაციენტზე, პაციენტი იმ დაწესებულებაში არ უნდა იყოს, რომელმაც ეს პრობლემა მისცა... თუ პატიმარ პაციენტზე ვლაპარაკობთ, დაწესებულებას, რომელსაც თავის ძირითად ფსიქოლოგიურ პრობლემას აბრალებს, იმყოფება იმ დაწესებულებაში. ანუ ჩვენ გვინდა ვუმკურნალოთ იმ დაწესებულებაში, რომელზეც ის აპრიორი იძახის, რომ ეს პრობლემა მისცა...

გვაქვს გამოსავალი "ცუდსა" და "უარესს" შორის - "კარგი გამოსავალი" მისთვის არ არის. სანამ იქნება იქ, იქნება ამ მდგომარეობაში. "ცუდი გამოსავალია", რომ იქ, სადაც არის შვება ვაგრძნობინოთ და "უარესია", არაფერი გავაკეთოთ...

პრობლემის მოგვარების დაწყებაა შესაძლებელი და არანაირი გარანტია არ არსებობს [მოგვარების] იქედან გამომდინარე, რომ თქვენ თუ ამ ოთახში ზიხართ და ამ ოთახის გეშინიათ, რა ფსიქოთერაპიაც არ უნდა ჩაგიტაროთ, შეიძლება ცოტა შეგაგუოთ, მაგრამ ძირითად პრობლემას ვერ მოგიხსნით", - თქვა ხურციძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ის მკურნალობა, რაც დღეს პატიმრობაში მყოფ სააკაშვილს სჭირდება, არ მოითხოვს მის კლინიკაში გადაყვანას:

"ამ მკურნალობას არ სჭირდება კლინიკური ჰოსპიტალიზაცია, ეს არ არის მდგომარეობა, რომელიც მას ჰქონდა გლდანში, როცა სასწრაფოდ უნდა გადასულიყო მულტიპროფილურ ჰოსპიტალში... კლინიკა, როგორც ასეთი საქართველოში არ არის... ასეთი ჯგუფი საქართველოში არსებობს, ეს ჯგუფი თუ ივლის დაწესებულებაში და პაციენტს ექნება მიმღებლობა, ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია. ამის მეტ გამოსავალს [ვერ ვხედავთ]. მაშინ უნდა გამოვიდეთ და ვთქვათ, პაციენტი უნდა გამოვიდეს პენიტენციური დაწესებულებიდან და დაუბრუნდეს სოციუმს, რაც არ მოხდება".

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა, რომელიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობის მეთოდებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობდა, დღეს, 19 იანვარს მესამე დასკვნა გამოაქვეყნა. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიდგომები არსებითად არ იცვლება.

"ჩვენ დავინახეთ ამ სამი ვიზიტის განმავლობაში, რომ არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა. ძირითადად პაციენტი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა კვლავ შეუსრულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს", - თქვა სახალხო დამცველმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობდა. შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა. დეკემბრის ბოლოს ის ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG