Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეგნანი: აშშ პირობას დებს, მომავალი წლების განმავლობაში იდგება ქართველი ხალხის გვერდით


კელი დეგნანი
კელი დეგნანი

ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ელჩი კელი დეგნანი შეხვდა საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს და რონდელის ფონდის ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის კურსდამთავრებულებს.

კელი დეგნანმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საელჩოს ამბიციური გეგმა აქვს - მთელი წლის განმავლობაში აღნიშნოს საქართველოსთან მრავალმხრივი პარტნიორობის ყველა ასპექტი.

ელჩმა მიმოიხილა ორი ქვეყნის ურთიერთობები და აღნიშნა: „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა ჯერ კიდევ 1890 წელს დააარსა ბათუმში, ხოლო ჩვენი განახლებული პარტნიორობა, ოფიციალურად, პრეზიდენტ ჯორჯ ჰ.უ. ბუშის მმართველობის დროს დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებით 1991 წლის 25 დეკემბერს, რასაც მოჰყვა ოფიციალური დიპლომატიური კავშირების დამყარება 1991 წლის 24 მარტს და ერთ თვეზე ნაკლებ დროში ჩვენი საელჩოს გახსნა „შერატონ მეტეხი პალასში“. მომდევნო წელს საელჩო ორბელიანის სასახლეში გადავიდა, სანამ საბოლოოდ საელჩოს ახალ შენობაში, დიღომში გადაინაცვლებდა“.

როგორც კელი დეგნანი აცხადებს, აშშ-საქართველოს ხანგრძლივი მეგობრობა წარმოდგენილია ისეთი ადამიანებით, როგორიცაა ამერიკელი ასტროფიზიკოსი კარლ საგანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ქართული სიმღერა „ჩაკრულო“ კაცობრიობის მიღწევების ნატიფ მრავალფეროვნებას განასახიერებს.

„ჩემი და სხვა ამერიკელების მსგავსად, იგი აღფრთოვანებული იყო ქართული სიმღერის მრავალხმოვანებით. საგანი დაჟინებით მოითხოვდა ჩაკრულოს გატანას ნასას „ვოიაჟერის“ ოქროს ფირფიტაზე, მიუხედავად კრემლის პროტესტისა, რომელსაც ქართული სიმღერის „მოსკოვური საღამოები"-თ ჩანაცვლება სურდა. მე იმ დროს ვმუშაობდი რეაქტიული ძრავის ლაბორატორიაში კალიფორნიაში, როდესაც „ვოიაჟერისგან" მივიღეთ პლანეტების განსაცვიფრებელი ფოტოები, კოსმოსში მისი მოძრაობის დროს გადაღებული, როდესაც ჩაკრულო და სხვა საგანძური გალაქტიკაში მიჰქონდა“, - თქვა მან.

კელი დეგნანს მიაჩნია, რომ ქართველები და ამერიკელები ბუნებით მეგობრები არიან, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო: „თავისუფლების, ოჯახის, რწმენის, სხვების წარმატების დახმარების სიყვარული და, ასევე, მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის დაფასება და პატივისცემა. როდესაც საქართველოში ვმოგზაურობ, ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებმაც გარკვეული დრო დაჰყვეს შეერთებულ შტატებში ჩვენი მრავალი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. გულს მითბობს ამერიკის შესახებ მათი ამბებისა და შთაბეჭდილებების მოსმენა. ბევრი მათგანი ინარჩუნებს კავშირებს თავის მასპინძელ ოჯახებთან და ბევრი ამბობს, რომ მათ ცხოვრებაში ეს გამოცდილება გარდამტეხი მომენტი იყო“.

დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის საელჩოს გაცვლით პროგრამაზე. „დაახლოებით 20 სხვადასხვა პროგრამით ამერიკის საელჩო თბილისში ახორციელებს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გაცვლით პროგრამებს და ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში აგზავნის 200-ზე მეტ მონაწილეს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ იდეებისა და კულტურის გაცვლის უაღრესად მნიშვნელოვან გამოცდილებაში. რა თქმა უნდა, ჩვენი „მშვიდობის კორპუსის“ არაჩვეულებრივი მოხალისეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წლების განმავლობაში ამერიკა-საქართველოს კავშირების გაძლიერების საქმეში. 2001 წლიდან 500-ზე მეტმა „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისემ შეისწავლა ქართული ენა და იცხოვრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ მტკიცე მეგობრობა დაამყარეს ქართველებთან ინგლისური ენის სწავლების, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის, ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისა და ადგილობრივ პროექტებში პარტნიორობის მეშვეობით. ამერიკელი მოხალისეები მასპინძელ ოჯახებს თავიანთ „ქართულ ოჯახებს“ უწოდებენ. ჩვენ ახლა ვახორციელებთ “მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეების საცდელ ვირტუალურ პროგრამას კოვიდის გამო, თუმცა ვმუშაობთ მოხალისეების ფიზიკურად დაბრუნებაზე, იმედია ამ წლის ბოლოს“, - განაცხადა ელჩმა.

ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი და ძლიერი თანამშრომლობის სფერო, კელი დეგნანის განცხადებით, სამხედრო თანამშრომლობაა.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, როდესაც ვხედავთ საქართველოს თავდაცვის ძალების შთამბეჭდავ პროგრესს, ასევე სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო პოლიციის წარმატებებს. ჩვენ განვახორციელეთ 1,5 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია საქართველოს მდგრადობის გაძლიერების, საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დასახმარებლად. ჩვენი მტკიცე ერთგულება უსაფრთხოების სფეროს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართ მომდინარეობს ჩვენი საერთო ღირებულებებისა და გამოცდილებისგან, ვიდექით რა საერთო მტრების წინააღმდეგ ტერორიზმთან ბრძოლაში ერაყსა და ავღანეთში და ვუჭერთ რა მხარს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას“, - თქვა მან.

როგორც დიპლომატი ამბობს, საქართველომ განავითარა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ბევრი წარმატებული ბიზნესი, რომლებსაც სურთ ერთობლივი პარტნიორული მუშაობა. მისი თქმით, ასევე, არსებობს აშშ-ის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების 6000-ზე მეტი კურსდამთავრებულის ქსელი. „ისინი თითქმის ყველა სექტორში მუშაობენ და ყველაზე ერთგულ და დინამიურ ადამიანებს შორის არიან, ვისაც აქ შევხვედრივარ. ისინი საზღვარგარეთ მიღებულ უნარებსა და გამოცდილებას საქართველოს გამოწვევებზე სამუშაოდ იყენებენ“, - აღნიშნა დეგნანმა.

აშშ-ის ელჩის შეფასებით, ოცდაათი წელი ხანგრძლივი დროა, მაგრამ ამავდროულად მხოლოდ დასაწყისია.

„შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში იდგება ქართველი ხალხის გვერდით, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათ დასაცავად აუცილებელი ინსტიტუტები. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა საქართველოს ეკონომიკის სტიმულირებისა და დივერსიფიკაციისთვის, რათა შეიქმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და მეტი შესაძლებლობები ქართველებისთვის. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ 30 წლიან ერთობლივი მუშაობის შესანიშნავ პროგრესს. მოუთმენლად ველით საქართველოს მიღწევების აღნიშვნას, როგორც მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. საქართველოს წარმატება, როგორც აყვავებული, უსაფრთხო, ძლიერი დემოკრატიისა, ჩვენს ორივე ქვეყანას აძლიერებს“, - აცხადებს კელი დეგნანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG