Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურის ცნობით, პოლიციის თანამშრომელია ზუგდიდში ქალზე ძალადობის კადრებში ასახული კაცი


საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც ასახულია ქალაქ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტი.

პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში მოხდება დაზარალებულის გამოკითხვა, ასევე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ზუგდიდიდან იუწყება, „ფეისბუკზე" გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, პარტია „დროას“ წარმომადგენელი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდა. მარიამ სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის შეხვდა პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს. მისივე ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ამ წუთებში პროკურატურაში იკითხება ერთი სამართალდამცველი.

„სამმართველოს უფროსის მოადგილესთან ვიყავი შეხვედრაზე შესული, რომელმაც დამიდასტურა, რომ ვიდეოზე ასახულ ადამიანს ნამდვილად აცვია კრიმინალური პოლიციის ფორმა, თუმცა არ დაუდასტურებია ის, რომ ნამდვილად მათი თანამშრომელია ასახული ვიდეოზე. დამიდასტურა ისიც, რომ ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელია დაბარებული ამ ამბავზე გამოკითხვაზე და სავარაუდოდ, ის ახლა იმყოფება პროკურატურის შენობაში. პროკურატურიდან არ ყოფილა არანაირი დაინტერესება, მათ არ დაურეკავთ ჩემთვის და არ მოუმართავთ, შესაბამისად მე ვეყრდნობი სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ ჩემთვის დადასტურებულ ინფორმაციას“, - განაცხადა მარიამ სიჭინავამ. მან პოლიციას საქმის გამოძიების მოთხოვნით თავად მიმართა.

პარტია „დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დღეს, 25 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ, სავარაუდოდ, სამართალდამცველი ქალზე ძალადობს.

გამოქვეყნებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს, რომლის განცხადებით: „შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის ირგვლივ სამსახურებრივი შემოწმება უკვე დაიწყო და მას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG