Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO: ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსი დაუდასტურდა 21 მილიონ ადამიანს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ერთ კვირაში (17-23 იანვარი) მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 21 362 288 შემთხვევა, რაც პანდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა ერთ კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.

ბოლო კვირის განმავლობაში, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 49 890 ადამიანი. წინა 7-დღიან პერიოდთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ითაა გაზრდილი.

WHO-ს თანახმად, მსოფლიოს რეგიონების მიხედვით, გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მეტად, 44%-ით გაიზარდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. 15%-იანი მატება იყო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და 5%-იანი ამერიკაში. სხვა რეგიონებში ლეტალობის მაჩვენებელი შემცირდა.

ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად, 31%-ით შემცირდა აფრიკაში და 10%-ით ამერიკაში. მატების მხრივ, პირველ ადგილზე იყო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი (+39%). ინფიცირების შემთხვევებმა 36%-ით მოიმატა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და 13%-ით ევროპაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში შემცირებას განაგრძობს კორონავირუს SARS-CoV-2-ის „დელტა" ვარიანტის გავრცელება, ძალიან დაბალია "ალფა", "ბეტა" და "გამა" ვარიანტების ცირკულაცია და დომინირებს „ომიკრონი“, რომელიც განსაკუთრებულად სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა. ამასთან, ქვეყნებში, სადაც 2021 წლის ნოემბერში მკვეთრად გაიზარდა "ომიკრონით" ინფიცირებულთა რიცხვი, დეკემბრიდან კლების ტენდენცია დაიწყო.

"ომიკრონი", რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთში, დღემდე გამოვლენილ ყველა სახეობაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, შედარებით მსუბუქ დაავადებას იწვევს. ორწლიანი პანდემიის პერიოდში გამოვლენილია დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის არაერთი სახეობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარიანტებს ანაწილებს ინტერესის ან შეშფოთების გამომწვევ სახეობებად და მათ ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნავს. ამ დროისთვის შემაშფოთებელ ვარიანტებად მიჩნეულია: "ალფა", "ბეტა", "გამა", "დელტა" და "ომიკრონი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG