Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა საპროტესტო გამოსვლების გამო


კანადის დედაქალაქ ოტავაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის გამო.

ოტავის ცენტრში თავმოყრილია ხუთასამდე სატვირთო ავტომანქანა. მძღოლებმა ე.წ. წითელ ზონაში სხვადასხვა კონსტრუქცია აღმართეს, საველე სამზარეულო გახსნეს და სურსათი და გაზი მოიმარაგეს. ოტავის მერმა, ჯიმ უოტსონმა ტელეკომპანია CBC-ს განუცხადა, რომ ქალაქში ასეთი სერიოზული საგანგებო სიტუაცია არასდროს ყოფილა.

ოტავის მერმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იმით ახსნა, რომ პოლიციას და მუნიციპალურ სამსახურებს ქალაქში წესრიგის დასაცავად და სხვა საჭიროებებისთვის რესურსებზე წვდომა უნდა ჰქონდეთ შეუფერხებლად, ბიუროკრატიული ეტაპების გავლის გარეშე.

ოტავის პოლიციამ ქალაქის მცხოვრებნი გააფრთხილა, რომ დააჯარიმებს ან დააკავებს ყველას, ვინც აქციის მონაწილეებს საწვავით მოამარაგებს. კვირას საღამოს, პოლიციამ განაცხადა, რომ 7 პირი დააკავა და სისხლის სამართლის 60 საქმე აღძრა ხულიგნობის, ქურდობის და სხვისი ქონების დაზიანების ფაქტებზე. ოტავის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, პოლიციამ სატვირთო ავტომანქანებისთვის განკუთვნილი საწვავიც ჩამოართვა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ კანადის მთავრობა არ გააუქმებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ ყველა შეზღუდვას.

შორეული მარშრუტების სატვირთო ავტომანქანების მძღოლების საპროტესტო აქცია იანვრის ბოლოს დაიწყო მას შემდეგ, რაც კანადის მთავრობამ სავალდებულო გახადა ვაქცინაცია მძღოლებისთვის, რომლებიც საზღვარს კვეთენ. მოგვიანებით, აქციას შეუერთდნენ ზოგადად შეზღუდვების მოწინააღმდეგე სხვა მოქალაქეებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG