Accessibility links

site logo site logo

ბათუმის მერი ამბობს, რომ მიწისძვრის შესახებ პოსტის ავტორი სამსახურიდან გაათავისუფლა


ბათუმი

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსის ავტორი, თემურ ხასია "ბათუმის სპორტული ცენტრის" დირექტორობიდან თავად გაათავისუფლა.

„ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს“, - დაწერა ხასიამ 13 თებერვალს ღამით, საქართველოში მომხდარი 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ. საზოგადოების აღშფოთების გამომწვევი პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე, თემურ ხასიამ ფეისბუკზე დაწერა კიდევ ერთი პოსტი იმის შესახებ, რომ ტოვებს „ბათუმის სპორტული ცენტრის“ დირექტორის თანამდებობას. ამის შემდეგ ხასიამ სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი საერთოდ გააუქმა.

„გუშინ მყისიერი კომუნიკაცია მქონდა თემურ ხასიასთან, მათ შორის, დეტალური განხილვა ამასთან დაკავშირებით. გათავისუფლების ბრძანება დაწერილია უკვე და თემურ ხასია აღარ მუშაობს ჩვენს დაქვემდებარებაში. ხასიას მიერ გუშინ გავრცელებული პოსტი არ ასახავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და პოლიტიკური გუნდის განწყობას“, - უთხრა დღეს, 14 თებერვალს ჟურნალისტებს ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა. შეკითხვას, ხასიამ თავად დატოვა თანამდებობა, თუ მერმა გაათავისუფლა, ჩიქოვანმა უპასუხა, რომ მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ის ნიშნავს და ათავისუფლებს.

რადიო თავისუფლებამ თავად თემურ ხასიასთან ინფორმაციის დაზუსტება ვერ შეძლო, რადგან ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. „ბათუმის სპორტული ცენტრი“ ქალაქის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციაა, რომელსაც არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი აქვს. მერმა არჩილ ჩიქოვანმა პარტია „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი თემურ ხასია ცენტრის დირექტორად დაახლოებით ორი თვის წინ დანიშნა.

ავარიული სახლები წლებია მტკივნეული პრობლემაა რამდენიმე ათასი ბათუმელისთვის. ქალაქის მერიის მონაცემებით, ამ დროისთვის ბათუმში აღრიცხული აქვთ 100-მდე ავარიული სახლი. მუნიციპალიტეტმა საცხოვრებლების მდგომარეობის შემოწმება მას შემდეგ გაააქტიურა, რაც 2021 წლის ოქტომბერში, 7 სართულიანი სახლის ნაწილის ჩამონგრევამ იმსხვერპლა 9 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე. გამოძიების თანახმად, ნგრევის მიზეზი იყო პირველ სართულზე არასწორად წარმოებული სარემონტო სამუშაოები და მზიდი კედლის მოშლა. ამ საქმეზე 3 პირია ბრალდებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG