Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა


ნიკო კვარაცხელია
ნიკო კვარაცხელია

თბილისში მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1996 წელს დაბადებული ი.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ი.ბ. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ გ.კ.-სთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა თავისი მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ი.ბ.-მ საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გ.კ.-ს და ამავე საქმეზე მეორე ბრალდებულ ა.ჭ.-ს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა. ი.ბ.-მ პოლიციას ამის შესახებ არ შეატყობინა.

დანაშაული დადასტურების შემთხვევაში 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მისი მკვლელობა დეტალურად აღწერა ქუჩის სათვალთვალო კამერამ.

მკვლელობაში ბრალდებულები, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სამართალდამცავებმა 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულები, კვალის არევის მიზნით, იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენას და დაკავებას. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის არევის მიზნით 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG